გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
18 წლიდან 60 წლამდე მამაკაცებისთვის რეზერვი სავალდებულო იქნება

26-01-2018

სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება და, ახალი კანონპროექტით, ორი ტიპის რეზერვი იქმნება - აქტიური რეზერვი, რომელიც 5-წლიან კონტრაქტს გულისხმობს და სამობილიზაციო რეზერვი, რომელიც სავალდებულო იქნება 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის. პირველ ეტაპზე აქტიურ რეზერვში 260 ადამიანის მიღება წელსვე მოხდება. სამხედრო ექსპერტების ნაწილს ახალი კონცეფციის მიმართაც კრიტიკული შენიშვნები აქვთ და უპირველესად უკმაყოფილებას რეზერვის მცირე მოცულობა იწვევს. ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის განცხადებით, ეს მოცულობა ძალიან დაბალია ჩვენი საფრთხეებიდან გამომდინარე.

"შარშან ამბობდნენ, რომ 2018 წელს მომზადდებოდა 800 რეზერვისტი, გაისიდან დაიწყებოდა რაოდენობის მატება. ეს ძალიან მცირე მოცულობაა ჩვენი საფრთხეებიდან გამომდინარე, ახლა კი რაოდენობა დაკლებულია და 260 რეზერვისტის მომზადებაზეა საუბარი. ეს რიცხვი საერთოდ არაფერი არ არის. რეგიონში საფრთხე მატულობს, ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ და ამ გამოწვევებს მეტი ტემპით უნდა ვუპასუხოთ. გადავხედოთ მეზობელ სახელმწიფოებს, რა მოცულობის რეზერვი ჰყავთ," - ამბობს სალუქვაძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ თავად რეზერვის სისტემის ცვლილება მისასალმებელია, თუმცა მთავარია, რამდენად განხორციელდება ის პრაქტიკაში. ასევე, მთავარი საკითხია, როგორ მოამზადებენ რეზერვისტებს და ხომ არ განმეორდება ის, რაც იყო 2008 წელს, როდესაც რეზერვისტების სამხედრო მომზადების დონე იყო ძალიან დაბალი, რის გამოც მათ ამ ომში ვერანაირი როლი ვერ შეასრულეს.

"კი, ბატონო, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს იმის საშუალება, შექმნას წმინდა პროფესიონალური არმია, შესაძლებელია რეზერვის ორი ტიპის არსებობა, მაგრამ აქ მთავარია, რამდენად განხორციელდება პრაქტიკაში ტოტალური თავდაცვისა და რეზერვის ძირითადი პრინციპები; როგორი მეთოდოლოგია იქნება, როგორ მოემზადებიან, რა ტიპის სამხედრო მომზადებას გაივლიან. ღმერთმა დაიფაროს და საქართველოს ომი რომ მოუწიოს, ორიენტაცია უნდა იყოს თავდაცვით ომზე და ასეთ შემთხვევში რეზერვისტები რამდენად შეძლებენ, მართონ ანტისატანკო და ანტისაჰაერო სისტემები. გათვალისწინებული უნდა იქნეს წარსულის შეცდომები და, 2008 წლის მსგავსად, პრობლემები მომავალშიც რომ არ შეიქმნას, უნდა შეიცვალოს მეთოდოლოგია და სამხედრო მომზადების სისტემა. პრობლემა, პირველ რიგში, საბრძოლო მომზადების დონე იყო და მნიშვნელოვანია, რა მეთოდებით აიმაღლებენ სამხედრო კვალიფიკაციას რეზერვისტები," - მიიჩნევს ჩიტაძე.

გუშინ თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის ახალი კონცეფცია წარმოადგინა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: სამობილიზაციო რეზერვი, რომლის მსგავსი მოქმედებს დღესაც და ის იქნება სავალდებულო; აქტიური რეზერვი, რომელიც იქნება სამი სახის: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. აქტიური რეზერვი იქნება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლის ვადით. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით, სავალდებულოა, მისი მიზანი კი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგის შევსებაა. სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი არის წელიწადში არაუმეტეს 45 დღე და იგი პირს სამხედრო სამსახურის წლებში ეთვლება, ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხებიან 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები. რეზერვში პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება წელსვე იგეგმება.

"ჩვენ მზად ვართ, რომ უკვე წელს აქტიური რეზერვი საპილოტე პროექტის სახით ავამოქმედოთ. პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება წელს, მომავალ წელს იქნება მზარდი ტენდენცია და, ბუნებრივია, ეს დამოკიდებული იქნება საბიუჯეტო შესაძლებლობებზეც", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი სარეზერვო სისტემის ფარგლებში, სასწავლო ცენტრების ზრდა საჭირო არ იქნება, რადგან, ერთი, აქ საუბარია 45-დღიან მომზადებაზე და, მეორე, რეზერვი შეზღუდული რაოდენობით იწყება.

ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ამ კონცეფციის განხილვაში, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, შარშან თავადაც მონაწილეობდა და გარკვეული შენიშვნები ჰქონდა ისევე, როგორც სხვა ექსპერტების ნაწილსაც.

"შარშან საპარლამენტო მოსმენაში ვმონაწილეობდი. მას შემდეგ თავდაცვის სამინისტრო არ გვიწვევს და არ ვიცი, არის თუ არა რაიმე ცვლილება. ამ კონცეფციით დიდად აღფრთოვანებული არც შარშან ვიყავი, რადგან ის ტემპი, რომელიც ამ კონცეფციაშია ჩადებული, საკმაოდ დაბალია და ის მოცულობა, რა მოცულობითაც უნდა განხორციელდეს რეზერვის მომზადება, მწირია," - ამბობს სალუქვაძე.

მისი თქმით, ასევე, მთავარი საკითხია, როგორი იქნება რეზერვისტების მომზადება, რადგან რაც აქამდე იყო, მათი მომზადების დონე კრიტიკას ვერ უძლებდა.

"სხვა საკითხია კიდევ რეზერვისტების მომზადება. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წელს ფიქტიურად მოხდა რეზერვის მომზადება და ხარისხზე საუბარიც კი არ იყო. იმედია, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ ახალ კონცეფციაში. ალბათ მომზადების დონის მხრივ პრობლემები არ იქნება, მაგრამ მოცულობა საკმაოდ მწირია. 260 და 800 კაცი არაფერი არ არის იმ გამოწვევების საპასუხოდ, რაც გვაქვს. გადავხედოთ მეზობელ სახელმწიფოებს, რა მოცულობის რეზერვი ჰყავთ. ჩვენ წლების განმავლობაში არაფერს ვაკეთებდით ამ მიმართულებით, ახლა ვიწყებთ საპილოტე პროგრამას, რომელიც საერთოდ არაფერია. ნულების მიმატება უნდა. მინიმუმ, ერთი ბრიგადა მაინც უნდა ყოფილიყო მოცულობით. გადახედონ ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოებს და ნახონ, რა რაოდენობის რეზერვი ჰყავთ, იგივე აზერბაიჯანსა და სომხეთს. იქ 100 000-ებზეა საუბარი. უნდა გაიზარდოს რეზერვის მოცულობა და ასევე საბრძოლო მომზადების ინტენსივობა," - აღნიშნავს სალუქვაძე.


resonancedaily.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930