გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზალკალიანი: ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი ცხადყოფს, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია

11-02-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.


„მივესალმებით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტს საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი ნათელი დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობისა. ამასთან, თავმჯდომარეობის დასაწყისშივე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეუთო-ს სამუშაო დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებს. განხილული იქნა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის და შემდგომი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები.


მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უპირობო შესრულების აუცილებლობას.


შეხვედრისას მინისტრების მიერ აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობა, ომით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიზნით.


„ბოლო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებამ უზარმაზარი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომით არის შესაძლებელი, მივაღწიოთ გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას“ -აღნიშნა დავით ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეუთო თავისი ინსტიტუტებით წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორს დემოკრატიზაციის პროცესში, რაზეც მეტყველებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის აქტიური ჩართულობა არჩევნების მონიტორინგის პროცესში, ასევე, თანამშრომლობა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, საქართველოში მედია გარემოს განვითარების მიზნით, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან - ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით.


შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930