გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ომბუდსმენი: საქართველოში 94 საჯარო სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდება

11-02-2019

საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა სპეციალური ანგარიში, სადაც წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლება, მისი განხორციელების მნიშვნელობა და საქართველოში არსებული გამოწვევები განიხლა.


საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის მნიშვნელობაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. „ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა არსებული პრობლემები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და ხელს უშლის მათ განათლების უფლების ეფექტურ რეალიზებაში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს 108 საჯარო სკოლა შეამოწმა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სკოლების დიდ ნაწილში ნაკლებად ხელმისაწვდომია სასმელი და ტექნიკური გამოყენების წყალი; წყალმოხმარების ობიექტები და საპირფარეშოები გაუმართავი ან მოუწესრიგებელია, რიგ შემთხვევებში, ანტისანიტარული მდგომარეობაა.


კვლევის მიხედვით, შემოწმებულ სკოლებში ფიქსირდება არაიზოლირებული და სარემონტო საპირფარეშოები (მათ შორის, ხშირად ტუალეტებს არ აქვს კარი, არ მუშაობს ხელსაბანი ონკანი); არ ფუნქციონირებს კანალიზაციის სისტემა.


„დაბალია სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონე სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უსაფრთხოების თაობაზე, რაც განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ პირობებში, როდესაც შემოწმებული დაწესებულებებიდან 71.3%-ში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არასდროს განხორციელებულა. შემოწმებული სკოლების 77.4%–ს არ გააჩნია წყლის ხელმისაწვდომობის შესახებ სპეციალური შიდა რეგულაციები.


როგორც მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, საჯარო სკოლებს ტერიტორიული თუ ფინანსური მისაწვდომობის პრობლემების გამო, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, შესაბამისად აკრედიტირებულ ლაბორატორიებში თავიანთი ინიციატივით შეამოწმონ წყლის უვნებლობა. ამასთან, ადმინისტრაციის ნაწილი არ არის ინფორმირებული, რომელ უწყებას ევალება ან რა გზით უნდა შემოწმდეს სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უვნებლობა.


საქართველოში წყლის და სანიტარიის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარალამენტო ანგარიშშიც არის საუბარი. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით წყალი საერთოდ არ მიეწოდება 94 საჯარო სკოლას, 2 084 საჯარო სკოლიდან მხოლოდ მცირე ნაწილში მოწმდება წყლისა და სანიტარული ნორმების დაცულობა; თუმცა, გადაუჭრელ პრობლემად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის შემუშავება რჩება“ - წერია კვლევაში.


ანგარიში - „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში“, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930