გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის სასჯელის ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირეს

11-03-2019

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.


კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველებისადმი სასტიკი/არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომების გამკაცრება. ასევე, პროექტით განისაზღვრა და დაზუსტდა ადმინისტრაციულ გადაცდომათა ჩამონათვალი.

პროექტის თანხმად, ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში -გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.

შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად და აღნიშნული ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 104-ე მუხლით გათვალისწინებული აღარ იქნება.


„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად: ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, - ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.


კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი და გელა სამხარაული არიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930