გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზალკალიანი: გატარებული ღონისძიებები ცხადყოფს თუ რა სიმწვავით დგას საქართველოს საკითხი საერთაშორისო არენაზე

14-03-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის კუთხით საგარეო უწყების მიერ გაწეულ მნიშვნელოვან ძალისხმევაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


მისი თქმით, გატარებული ღონისძიებები ცხადყოფს თუ რა სიმწვავით დგას საქართველოს საკითხი საერთაშორისო არენაზე.


“აქ წარმოდგენილი ფაქტები ცხადყოფს თუ რა სიმწვავით დგას საქართველოს საკითხი საერთაშორისო ასპრეზზე. მაქსიმალურად არის გამოყენებული ყველა საერთაშორისო ფორმატი და ტრიბუნა ამისათვის, მათ შორის რუსეთთან მთელი სიმწვავით ვაყენებთ ოკუპაციის და მისი თანმდევი შედეგების საკითხს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. როგორც ანგარიშიდან ჩანს ასევე უპრეცედენტოა ის გამოსვლები და გამოხმაურებები, რომელიც, როგორც საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან, ასევე პარტნიორების მხრიდან ისმის საერთაშორისო ტრიბუნებიდან”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.


ამ მიმართულებით გასული წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებიდან ხაზი გაესვა იმ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებებს რაც საქართველოსთან დაკავშირებით გატარდა: გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში არაერთხელ იქნა განხილული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი, კერძოდ: 8 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოს დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გამართულ დახურულ სხდომაზე, 17 და 22 მაისს პოლონეთის ინიცირებით გამართულ უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე; გაერო-ში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა; გაერო-ში საქართველომ გამართა 2 მაღალი დონის პარალელური ღონისძიება ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ; გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 37-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”, სადაც დაგმობილია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ადგილზე არსებული უმწვავესი ვითარება; რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავის შესახებ იმსჯელეს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ხოლო ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გაკეთდა განცხადება და მომზადდა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიდეომიმართვა, ასევე ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება; ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2018 წელს 27-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია „10 წელი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომიდან“; 2018 წელს განხილული იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-17 და მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სადაც ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა; საქართველოს საკითხი განხილული იქნა ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალზე; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „Humanitarian needs and rights of internally displaced persons in Europe“, რომელშიც საუბარია რუსეთის პასუხისმგებლობაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე; ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 4 რაუნდი; საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 10 წლისთავზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ დააფიქსირა ერთსულოვანი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


საქართველოს ესტუმრნენ ლატვიის, ლიეტუვის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი; 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები იქნა მიღებული მათ შორის ევროპარლამენტის, ირლანდიის რესპუბლიკის სენატის, ლიეტუვას და პოლონეთის სეიმების მიერ; მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დასაწესებლად; ამოქმედდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი სირიისა და ნაურუს მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გამო, რაც აღნიშნული ქვეყნებისათვის აშშ-ს მიერ ფინანსური შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს; ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, აგრეთვე თავად სირიის ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.


დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით პრიორიტეტები უცვლელია, თუმცა 2019-2022 წლების დოკუმენტში კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდა და მკაფიო ამოცანებად გაიწერა აღნიშნული მიზნები. „2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პირველ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


ამ კუთხით მან აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების შეკავებასა და აღკვეთაზე და კონფლიქტის ესკალაციის პრევენციაზე, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისა და კონსოლიდაციის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ქმედებებზე, ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული მდგომარეობისა და მათი უფლებების დაცვის გაუმჯობესების და დევნილთა მშვიდობიანი დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით დასახულ ნაბიჯებზე, მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031