გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოჯახებში, სადაც ტყვიის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, სპეციალისტებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფები შევლენ

4-04-2019

ყველა ოჯახში, სადაც ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დაწყებულია სპეციალური ჯგუფების (პედიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, გარემოს სპეციალისტი) შესვლა, რათა დაადგინონ, რა შეიძლება ყოფილიყო პოტენციური წყარო ბავშვში ტყვიის მომატებისა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


მისი თქმით, დამტკიცდება პროგრამა, სადაც გაიწერება, რა დახმარება გაეწევათ მკურნალობისა და კვლევების თვალსაზრისით იმ ბავშვებს, რომელთაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოუვლინდათ.


„შარშან ჩატარებული დიდი, მულტიინდიკატორული კვლევა, რომელსაც ტყვიის და წყლის კომპონენტი დაემატა, სექტემბრიდან მოყოლებული მუშავდება. ეს გახლავთ პირველი, ფართომასშტაბიანი კვლევა ტყვიასთან მიმართებაში, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, რომელიც ოქროს სტანდარტია ეპიდემიოლოგიური კვლევის და გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს ქვეყანაში საქმე. აპრილის 20-დან გამოქვეყნდება კვლევის შედეგები, მაგრამ მანამდე გვაქვს პირველადი მონაცემები.


გასულ კვირაში, პრემიერ-მინისტრთან გვქონდა საუბარი, შექმნილია საკოორდინაციო კომისია, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა გარემოს ჯანმრთელობის 5-წლიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს, მთავარი გარემოს ფაქტორების უარყოფითი გავლენის მინიმალიზაციას ადამიანის ჯანმრთელობაზე (ნიადაგი, წყალი, ჰაერი, ქიმიური ნივთიერებები და ა.შ). ასევე, სულ მალე დამტკიცდება პროგრამა გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ, 1578 გამოკვლეული ბავშვიდან, რომელთაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვთ, თუ რა დახმარება გაეწევათ მათ მკურნალობისა და კვლევების თვალსაზრისით. ასევე, 2 თვის განმავლობაში, შემუშავდება ხანგრძლივვადიანი პროგრამა ტყვიასთან ბრძოლისა.

ეს პრობლემა დასავლეთის ქვეყნებს 80-იან წლებში ჰქონდათ და 20 წელი დასჭირდათ, რომ მინიმალურ დონეზე დაეყვანათ ტყვიის კონცენტრაცია ბავშვებში. ხაზს ვუსვამ, რომ პანიკის საფუძველი ჩვენთან არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა სიტუაცია, მულტისექტორული მიდგომაა საჭირო და ჩვენ ვთვლით, რომ ამ პრობლემას ქვეყანა მალე დაძლევს,” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930