გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე „მზიურის“ რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო

15-04-2019

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.


„მზიური“ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა არავის მოგვწონს. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს პარკის ტერიტორია სერიოზულად დაზიანდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, პარკი მოწესრიგდება და სრულად განახლდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შეიქმნება საბავშვო სივრცეები, ხელოვნური ტბა, ველობილიკები, ახალგაზრდებისთვის კი, სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა. ვფიქრობ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განახლებული მწვანე სივრცეებითა და დენდროლოგიური პროექტით, „მზიური“ დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და ბავშვთა ქალაქის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე სკეიტბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, ასევე, ველობილიკები და დასასვენებელი პავილიონები მოეწყობა. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში კი მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი განთავსდება.


სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება.


პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. ბავშვთა ქალაქი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.


სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.


ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ თბილისის მერთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930