გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულები დააკავა

6-02-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულები დააკავა. 

როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს, დიდი ოდენობით თანხა და უძრავი ქონება გამოსძალეს.

ამასთან დაკავშრებით უწყების განცხადებას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ. 




„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დაახლოებით ორი კვირის წინ სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისათვის დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.
ამჯერად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი არის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „დობო“. პოლიციამ იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე დააკავა. ხოლო მეორე კრიმინალური ავტორიტეტი გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის ზონაში, იმ დროს დააკავეს, როცა იგი ქვეყნის დატოვებას და მიმალვას აპირებდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს, დიდი ოდენობით თანხა და უძრავი ქონება გამოსძალეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლებშიც ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.
ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“: ეგრეთ წოდებულ „ნოდარ გლდანსკი“, „მაღალოსთან“, „პეწოსთან“, „დათო სურგუცკისთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.
როგორც უკვე ცნობილია, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს, კერძოდ, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა დასჯადი გახდება. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში შევა“- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031