გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Art-გენი 16 ივნისს რეგიონული ტურნეთი გაიხსნება

10-06-2019

ფესტივალი Art-გენი 2019 სტარტს 16 ივნისს აიღებს. ფესტივალის რეგიონული ტურნე ახმეტაში გაიხსნება.


ახმეტიდან Art-გენი 22 ივნისს, ჯერ აჭარაში, ქედაში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დაასრულდება.


თბილისის ტური, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 7-14 ივლისს გაიმართება.


ახმეტაში, წყაროებთან Art- გენის ფარგლებში მაყურებელს დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდება. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური გამართავს.


ქედაში, სოფელ მახუნცეთში, ტრადიციული პროგრამის შემდეგ, დასკვნით კონცერტებს ჯგუფი Asea Sool და Reggaeon გამართავს. ხონში კი, Art-გენის რეგიონულ ტურნეს, ჯგუფი „ფრანი“ დაასრულებს.


7 ივლისს თბილისის ტურს დათო ევგენიძე გახსნის. ევგენიძის კონცერტამდე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „აკუსტიკის“ კონცერტს დაესწროს.


8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული გააგრძელებს, 9 ივლისს - REGGAEON, 10 ივლისს ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, 11 ივლისს - „ფრანი“. 12 ივლისს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება, 13 ივლისს, ნიაზ დიასამიძე წარსდგება. Art-გენი 2019 14 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.


2004 წლიდან დღემდე ფესტივალმა Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს.


ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში “ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930