გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით: ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი გვაქვს

11-06-2019

„კონსენსუსი გვაქვს ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით - ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია კანონპროექტის ხარისხი, მეორეს მხრივ, ასევე, მნიშვნელოვანია კონსენსუსი სამუშაო ჯგუფში და მოხარული ვართ, რომ სწორედ ასეთი შედეგით დასრულდა მუშაობა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით გაწეული სამუშაო პროცესი შეაჯამა და განხორციელებულ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ისაუბრა.



მისი თქმით დღეს, ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული ყველა საკითხი საბოლოოდ განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დისციპლინური წარმოების, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებთან დაკავშირებით, კანონპროექტები მომზადებულია.



“რაც შეეხება დისციპლინურ წარმოებას, დეტალურად გაიწერა ახალი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის გაუმჯობესებას. გაიწერა დისციპლინური გადაცდომის სახეები, მოწესრიგდა უშუალოდ დისციპლინური წარმოების პროცესი, გაიწერა წარმოების ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც მანამდე კანონით არ იყო უზრუნველყოფილი. მკაფიოდ გაიწერა მტკიცების სტანდარტი, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, ინსპექტორთა საბჭოს დაევალა საკითხის პროკურატურისთვის გაგზავნის ვალდებულება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაკონკრეტდა ბრალის დეფინიცია, გაიწერა არასწორი განმარტების გამო სახდელის შეფარდების დაუშვებლობის პრინციპი, ფორმალური გადაცდომის ცნება, ევროსაბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ხუთი წლიდან სამ წლამდე შემცირდა ხანდაზმულობის ვადა, სათანადოდ მოწესრიგდა სახდელები და სახდელების დაკისრების წესი.



“როგორც ხედავთ, ამ ცვლილებების მასშტაბი ძალიან დიდია და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა რეგულაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფში შედგა სრული კონსესუსი. ეს იყო ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი საკითხი. საწყის ეტაპზე იყო განსხვავებული პოზიციები დისციპლინური წარმოების საკითხებთან დაკავშირებით და მოვახერხეთ ამ პროცესის დასრულება ყველა ნორმასთან დაკავშირებით სრული შეთანხმებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, საინტერესო დისკუსიები გაიმართა და ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებითაც.

“ერთერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ყოფილიყო უზრუნველყოფილი მოსამართლედ სკოლის მსმენელების დანიშვნა და შესაბამისი რეგულაციები შევიდა კანონპროექტში კერძოდ, მსმენელების მიღება დაეფუძნება საბჭოს მიერ განსაზღვრულ პროგნოზს შესაბამისი წლისთვის, ასევე, განისაზღვრა სტიპენდიის რაოდენობა ახალი წესით მსმენელებისთვის. გახანგრძლივდა სკოლაში სწავლის ვადები“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, განსხვავებული პოზიციები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა მიეღო მსმენელები იუსტიციი უმაღლეს სკოლაში.



„ დღევანდელი რეგულაციის თანახმად, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სხვადასხვა დაინტერესებული მხარე გვაძლევდა რეკომენდაციას, რომ ეს ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც, მათ შორის, გვქონდა განსხვავებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ერთერთი გასაღები კონსენსუსისთვის და შესაბამისად, დღეს მივიღეთ ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის, უმრავლესობის ფორმატში, იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლამ მიიღოს მსმენელები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. შესაბამისად, ეს რეკომენდაცია იქნა გაზიარებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართულებითაც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაწესდა მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც მანადე კანონში გაწერილი არ იყო. მისივე თქმით, ახალი რეგულაციებია საბჭოს სხდომების საჯაროობის საკითხის მიმართულებით. ასევე, დაცულია ინსტანციურობის პრინციპი, გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტის წესები უფრო ფართო წრეზე გავრცელდება.



„ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაწილში. ამ შემთხვევაშიც, ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით, გვაქვს შეთანხმება, გვაქვს კონსენსუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, თავად კანონპროექტის ხარისხი, მეორეს მხრივ, არის ასევე, მნიშვნელოვანი კონსენსუსი სამუშაო ჯგუფში და მოხარული ვართ, რომ სწორედ ასეთი შედეგით დასრულდა მუშაობა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. ის, რაც ჩანდა შეუძლებელი პროცესის დასაწყისში, დაახლოებით ერთი წლის წინ, აღმოჩნდა, რომ ყოფილა შესაძლებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს მათი ჩართულობისთვის და საქმისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. რომ არა ასეთი დამოკიდებულება, ეს შედეგი ვერ დადგებოდა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930