გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თალაკვაძე: ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, ვისაც დედაქალაქის საზოგადოება იცნობდა და ვისაც პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა

11-06-2019

"ლადო კახაძის დიდი ანგარიშით გამარჯვება, ძირითადად, ორმა კომპონენტმა უზრუნველყო", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.


„კანდიდატს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მეორე მხრივ, იმ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც პარტიული დემოკრატიაა, გამარჯვებაში პარტიებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, ამ ორმა კომპონენტმა უზრუნველყო ის, რომ გუშინ მან შუალედური არჩევნები დიდი ანგარიშით მოიგო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დადგა მკვეთრად განსხვავებული შედეგი ლადო კახაძის შემთხვევაში 2018 და 2016 წლებში, რადგან 2016 წლის არჩევნებზე, როცა ის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით იყრიდა კენჭს, მხოლოდ 618 ხმა მიიღო, წელს კი 10 738, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ როცა კანდიდატი ხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი პოლიტიკური გუნდის გვერდით ხდება შენი პოზიციონირება.

„ვფიქრობ, 2016 წელს ლადო კახაძის ავტორიტეტი, მისი შესაძლებლობები და რენომე, საარჩევნო შედეგების თვალსაზრისით, ერთგვარად იმ ადამიანებმა და კონკრეტულად იმ პარტიამ და ადამიანმა შეასუსტა, ვისი სახელითაც იმ არჩევნებში გამოდიოდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისი თქმით, პარტიული დემოკრატიის პოლიტიკურ სისტემაში დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიას, მის იდეოლოგიურ პლატფორმას, პარტიულ ინფრასტრუქტურას და გამოცდილებას, ზოგადად, არჩევნებისა და კამპანიების ჩატარებაში.


„თუ შეადარებთ მაშინდელ და დღევანდელ კამპანიას, განსხვავება ძალიან დიდია და რა თქმა უნდა, შედეგი დიდწილად ამითაც აიხსნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაასახელებდა, წარმატებისთვის იყო განწირული, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კანდიდატის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს და ასეთ ფორმულირებას არ ეთანხმება.


„ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, ვისაც დედაქალაქის საზოგადოება იცნობდა და ვისაც პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა. ლადო კახაძეს ასევე ჰქონდა სუფთა წარსული და ის სუფთა სინდისით ჩაერთო ამ არჩევნებში. მე მანამდეც ვიცნობდი ბატონ ლადო კახაძეს და ვფიქრობ, ის სანდო და პრინციპების ერთგული ადამიანია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პირველ არხზე გამართულ დებატებში ლადო კახაძემ თავის ოპონენტს დიდი ანგარიშით მოუგო და აქაც დაამტკიცა, რომ ის პოლიტიკურად კარგად მომზადებული კანდიდატი იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031