11-06-2019
ზაზა ხუციშვილმა თბილისის მერსა და მოსახლეობას განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ქალაქის სტუმრებსაც და განსაკუთრებით თბილისელებს ახარებს ორბელიანის მოედნის ახალი იერსახე, მართლაც შესანიშნავი სანახაობა არის, გალამაზებული და რაც მთავარია უკვე მოკლე დროში, რაც ეს პროექტი დასრულდა უკვე სიცოცხლით სავსე გახდა ეს მოედანი, დაიბრუნა სიცოცხლე.
მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ უბნელებს, ვინც მოთმინებით ელოდა სამუშაოების დასრულებას. მოგეხსენებათ , ყველა დიდი პროექტი მოითხოვს ჩვენგან მოთმინებას და გარკვეულ დისკომფორტსაც იწვევს, მაგრამ მინდა სურვილი გამოვთქვა, რომ ამას ყოველთვის გაგებით მოვეკიდოთ, იმიტომ, რომ კეთდება ძალიან ბევრი კარგი საქმე ჩვენი ქალაქისთვის.
მადლობა ქალაქის მერს კახა კალაძეს და მის გუნდს, რომელმაც მართლაც შესანიშნავი სამუშაო გაწია.
მინდა გამოვყო კიდევ აეროპორტის გზა, ძლიან სწორად იყო გათვლილი ის ამბავი, რომ ჯერ პირველ რიგში მიმდებარე გზები მოწესრიგდა, ანუ შემოვლითი გზები, რამაც პრაქტიკულად შეუფერხებელი გახადა მოძრაობა აეროპორტის მიმართულებით და თვითონ ეს გზა ფუნდამენტურად კეთდება, ანუ საკმაოდ ღრმად მიწის ჩასული სამუშაოები მიდის იმისათვის, რომ მომავალში გაკეთებული პროექტი უფრო მედეგი იყოს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სააკაძის მოედანი. მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება კოლეგებიო იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასფალტის საფარი და შესაბამისად სავალი ნაწილი შემცირდა, იმის ხარჯზე, რომ მოწესრიგდა მიმართულებები, აქ საცობი აღარ იქმნება.
ანუ ყოველთვის გამავლობა პირველ რიგში ყოველთვის მოწესრიგებულ მოძრაობაზეა დამოკიდებული და არ გზის სიფართოვეზე, ესეც ნათელი მაგალითია და გარდა ამისა ეს მოწედანი გამწვანდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და სხვა კუნძულებიც, სადაც ადრე ფილა იყო დაგებული, იქაც მწვანე საფარია გაკეთებული.
კარტოზიას და ცინცაძის კვანძი, რომელიც ძალიან ავარიასაშიში იყო და უამრავი შემთხვევა იყო, გამწვანდა, მოწესრიგდა და ასევე პრაქტიკულად არანაირი საცობი იქ აღარ იქმნება. ვაშლიჯვრის კვანძი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ლისიდან ჩამომავალი მანქანების ნაკადი დასავლეთით უკვე შეუფერხებლად გავა სულ მალე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მინდა შევეხო, ეს არის ჭავჭავაძის გამზირი, აქაც მინდა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოვუწოდო, სკეპტიკურად არიან განწყობილი ნაწილი მოქალაქეების, იყო თუ არა ეს აუცილებელი სამუშაო, მინდა გითხრათ, რომ თითქოს ასფალტის საფარს თუ შეხედავ შეიძლება იფიქრო, რომ არაფერი საგანგაშო არ არის, თუმცა მერწმუნეთ, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ჭავჭავაძის გამზირზე ისეთ დღეშია, რომ თუ დაუყოვნებლივ ეს სამუშაოები არ შესრულდა მომავალში გზის საფარსაც და სამწუხაროდ შეიძლება იქ რამდენიმე შენობას შეექმნას პრობლემა იმდენად დიდი არის გამდინარე წყლების ნაკადი და იმდენად მოუწესრიგებელია კომუნიკაციები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მომავლის პორექტია და ასევე ძალიან გვახარებს, განსაკუთრებით მე, როგორც ვაკის მესამე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს, ეს არის უნივერსირტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგებში გარდამავალი საცალფეხო ხიდის პარალელური საავტომობილო ხიდი, რომელიც პრაქტიკულად საბურთალოს ზედა ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს ბაგების, ვაკის და წყნეთის მიმართულებას უფრო მოკლე გზით დააკავშირებს და ძალიან სერიოზული განტვირთვა იქნება ამ მიმართულებით, უკვე წელს ჩადებული არის რამდენიმე მილიონი მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოებისათვის და ბოლოს ისევ ორბელიანის მოედანს რომ მივუბრუნდეთ, მინდა გითხრათ, რომ იქ ისტორიულად იყიდებოდა ყვავილები და მიხარია, რომ სიცოცხლით სავსე მოედანი მალე ისევ ყვავილებით სავსე იქნება", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.