11-06-2019
უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის დონე დღეს უპრეცედენტო ნიშნულზეა,- ამის შესახებ საქართველოს პრეემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ამერიკის ერთგული პარტნიორია.
“ჩვენმა მეგობრობამ დროის ქარტეხილებს გაუძლო, ხოლო ჩვენი კავშირები ბრძოლაში გამობრძმედილია. ავღანეთში ჩვენ გვერდში ვუდგავართ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს მოკავშირეებს, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი უმსხვილესი წვლილის შემტანი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მებრძოლთა რაოდენობის თვალსაზრისით. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ჩვენი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. საქართველოს თავსებადობა ნატოსთან იზრდება, ხოლო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ხმარდება თავდაცვის სფეროს - შედეგად, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.