გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირებს, რომლებსაც სესხი ლარში აქვთ აღებული, პროცენტი არ გაუძვირდებათ

12-06-2019

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.

მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მაისის წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტი იყო. ასევე აღსანიშნავია მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინის ფასების ზრდა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათს, ენერგომატარებლებსა და თამბაქოს, 1.1 პროცენტია, რაც მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია. არსებული პროგნოზების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია, ერთჯერადი (ეგზოგენური) ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მომავალი წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მხედველობაში იღებს ასევე ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს და, აღნიშნულის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის პროცესს ნელი ტემპით გააგრძელებს. ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება.

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. საკრედიტო აქტივობა ზომიერად იზრდება (აპრილში წლიური 13 პროცენტი, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). წლის დასაწყისიდან სახეზეა სამომხმარებლო დაკრედიტების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის შენელება, თუმცა, ამავე დროს, კვლავ მზარდია ბიზნესის დაკრედიტება და გააქტიურებულია იპოთეკები ლარით. 

კონკურენტული გაცვლითი კურსი ხელს უწყობს 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესების ტენდენციის გაგრძელებას. წინასწარი ინდიკატორები საქონლისა და მომსახურების ექსპორტის მაღალ ზრდაზე მიუთითებს. სწრაფი ზრდა აქვს ასევე ფულადი გზავნილებით შემოდინებებს. ამავე ინდიკატორების მიხედვით, იმპორტი წლის პირველ თვეებში შემცირებულია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება ინვესტორთა განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს და, შედეგად, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკებს ამცირებს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 24 ივლისს გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930