გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როდესაც გამოხატვის თავისუფლებას ეხები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო

13-06-2019

"სიძულვილის ენის პრობლემა აქტუალური საკითხია, ამ თემაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმატშიც, საარჩევნო კუთხით", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საარჩევნო საკითხებზე გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.


შეხვედრაზე სიძულვილის ენის პრობლემა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობის საკითხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დააყენა.


ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა საარჩევნო განზომილებას სცილდება.


„შესაბამისი კანონპროექტი ინიცირებულია, შესაბამის წამყვან კომიტეტში განიხილება. კანონპროექტი თვეების განმავლობაში გაჩერებული იყო. ჩვენ ზომებს მივიღებთ, რომ ამ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს და ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან გვექნება. ვადასტურებ, რომ კახა ბექაურის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია და დროულად არის გადაწყვეტილება მისაღები ამ მიმართულებით. რატომ არის კანონპროექტი შეჩერებული, ვერ გეტყვით. წამყვან კომიტეტში ჯერ არ განხილულა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის მიზეზებს მოიძიებს.


„ვეცდებით, ამ საკითხის განხილვა დავაჩქაროთ. სიძულვილის ენაც სამწუხაროდ, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამოცანა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ საუკეთესო ბალანსი მოვძებნოთ ადამიანის სურვილს შორის, სიძულვილით ილაპარაკოს და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. ეს ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სიძულვილის ენა არის პრობლემა ქართულ მედიაში და საზოგადოებაში.


„როცა პოლიტიკურ კულტურაზე ვსაუბრობთ ვიდრე მედიაში ან პოლიტიკაში ამ მასშტაბით იქნება წარმოდგენილი სიძულვილი ენა, წარმოუდგენელია საუბარი პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე. ეს საზოგადოების პრობლემაა. ეს ის საკითხია, რომელიც შესწავლას და კონსულტაციებს საჭიროებს. ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ამასთან, პარლამენტის სპიკერის თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭიროა გამოხატვის თავისუფლებასთან შეხებისას.


„როდესაც გამოხატვის თავისუფლებას ეხები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თუმცა სიძულვილის ენა ის საკითხია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება. მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს განაცხადა, რომ სიძულვილის ენის საკითხი ქართულ კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, რაც ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შეიტანა პარლამენტში, თუმცა ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად.

ამასთან, კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში კი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის პირველი ივლისამდე უნდა მიიღოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930