გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო: მეტი საშუალება მექნება, სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის ახალ მინისტრს

18-06-2019

მეტი საშუალება მექნება, სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის ახალ მინისტრს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერთან რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები, რა იქნებოდა ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა სწორად დაგეგმილიყო, დანერგილიყო და განხორციელებულიყო.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. ეს არ არის ერთჯერადი შეხედულება და ნამდვილად მჯერა ანალიზზე დაფუძნებულად, რომ რეფორმები ასე უკეთესად განვითარდება. ერთის მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის ახალ მინისტრს. მეორეს მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება საშუალება, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ამ მართლაც ძალიან რთული სისტემის მართვას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, 2012 წელს, როგორც კი საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვა პრიორიტეტად გამოაცხადა, ეს თემა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან დიდი ყურადღებისა და მხარდაჭერის ქვეშ მოექცა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს და აღნიშნა, რომ მათ ამ წლების განმავლობაში უზარმაზარი სამუშაო გასწიეს.

„მჯერა, რომ ეს სამუშაო კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მინდა, ეკას ვუსურვო წარმატებები. ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი სურვილი, რადგან მის წარმატებაზე დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრი ადამიანის კეთილდღეობა და ნამდვილად მჯერა, რომ ეს ცვლილებები იქნება უკეთესი შედეგების მომტანი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930