გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ არჩვაძე: აშკარა პოზიტიური დინამიკა აქვს ვაჭრობას საქართველოს საიმედო და სტრატეგიულ პარტნიორთან ევროკავშირთან

19-06-2019

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის. მისი თქმით, უკვე მყარ ტენდენციად ჩამოყალიბდა ექსპორტის დაჩქარებული ზრდა იმპორტის მდორე ზრდის ან შემცირების ფონზეც კი. 

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველი ხუთი თვის მიხედვით ექსპორტის ზრდამ 14.2% შეადგინა, რაც მიმდინარე წლის მშპ-ის ნომინალური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს, სულ ცოტა, 1.7-ჯერ აღემატება. იოსებ არჩვაძის განცხადებით, აღნიშნულის ხარჯზე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2019 წლის იანვარ-მაისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 313.2 მლნ. აშშ დოლარით (-13.4%), რაც მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული წმინდა ფულადი გზავნილების 55 პროცენტის ექვივალენტურია. 

ექსპერტის ინფორმაციით, გაიზარდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვა: გასული წლის პირველი ხუთი თვის 35.5%-დან მიმდინარე წლის იმავე პერიოდში - 42.0%-მდე, მათ შორის მხოლოდ მაისის თვეში, შესაბამისად, 39.8%-დან 44.4%-მდე. მაისში საქართველოს ექსპორტმა ახალი რეკორდულად მაღალი ისტორიული მიჯნა დაძლია და 334.2 მლნ. ლარი შეადგინა. - ეს იმდენივეა, რამდენის ექსპორტიც ჰქონდა საქართველოს მთელი 2002 წლის მანძილზე. 

„აშკარა პოზიტიური დინამიკა აქვს ვაჭრობას საქართველოს საიმედო და სტრატეგიულ პარტნიორთან ევროკავშირთან . - მასზე მოდის ჩვენი სავაჭრო ბრუნვის მეოთხედი. ამ გაერთიანებასთან ექსპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.1 პროცენტით, მაშინ როდესაც იმპორტი შემცირდა 11.5%-ით,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. 

ექსპერტის თქმით, საქართველოს სახმელეთო მეზობლებთან (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია) სავაჭრო ბრუნვაზე მოდის ჩვენი ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 41.6 პროცენტი. ამასთან, თუ გასულ წელს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველი ათეულიდან საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან (ბულგარეთი), ამჟამად მათი რიცხვი 3-მდე გაიზარდა (ბულგარეთი, რუმინეთი, სომხეთი). 

ეკონომიკის ექსპერტმა კიდევ ერთ სიახლეს გაუსვა ხაზი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში შევიდა. „საქსტატის“ ცნობით, ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 40.145 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. წლიურ ჭრილში ზრდა 166.6 პროცენტს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930