21-06-2019
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მათგან ერთ-ერთი 18 წლის მაია გომურია.
როგორც მისი ოჯახის წევრები „ქრონიკის“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობენ, ის აქციის მონაწილე არ იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.
მათი ინფორმაციით, გოგო სამსახურს გვიან ღამით მორჩა და რუსთაველის მოედნის გავლით სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც მას რეზინის ტყვია თვალში მოხვდა.
მზია გომური „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისთვის მხედველობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
გუშინ პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.