22-06-2019
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებას გამოეხმაურა და "ქრონიკასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ კეკელიას ცილისმწამებლურ განცხადებებზე სინოდის სხდომას ელოდება.
"მამა ელისბარმა გუშინ პირადად მითხრა, რომ 20 ივნისის საღამოს გაზით მოიწამლა და იძულებული გახდა სახლში წასულიყო, რაც შეეხება ტაძარს, ვინაიდან აქციების დროს იყო ტაძარში ქურდობის ფაქტები და შემთხვევები, ტაძარი იყო დაკეტილი. კეკელიას უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლურ განცხადებებზე კი ველოდები წმიდა სინოდის სხდომას და საეკლესიო სასამართლოს" - განაცხადა მეუფე პეტრემ.
დეკანოზმა შალვამ მეუფე პეტრეს "ცრუ პეტრე" და "პატრიარქის მოწინააღმდეგე" უწოდა იმ განცხადების შემდეგ, რაც მეუფემ ქაშვეთის დაკეტვასთან დაკავშირებით გააკეთა.
მეუფის თქმით, მაშინ, როცა სპეც-რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, ეკლესია დაკეტილი იყო და აქციის მონაწილეებს თავის შეფარება არ შეეძოთ. მამა შალვა კი ამ ფაქტს უარყოფს.