25-06-2019
საქართველოს დელეგაციისთვის ევროპული თამაშების მე-4 დღეც წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა 3 მედალი მოიპოვა.
ევროპული თამაშების გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გახდა. თუშიშვილმა ამავდროულად ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაისაკუთრა, რადგან ძიუდოში ევროპული თამაშები და ევროპის ჩემპიონატი ერთ ტურნირშია გაერთიანებული.
+100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თუშიშვილმა ოთხივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ყველა მეტოქე იპონით დაამარცხა. რუმინელი და პოლონელი ძიუდოისტების დამარცხების შემდეგ, გურამმა ჰოლანდიელ ჰენ გროლს სძლია. ფინალში მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქე რუსი ინალ ტასოევი იყო. თავდაპირველად, ტასოევი ვაზარით დაწინაურდა, თუმცა თუშიშვილის საპასუხო გდება სუფთა გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა - მინსკში მეექვსედ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი!