გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ ინტერესებს დავიცავთ

25-06-2019

ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში ტურიზმი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი, სადაც მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული და იღებს შემოსავლებს და ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მოამბის“ წამყვანის კითხვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა.

„მე დღესაც მივიღე წერილი სასტუმროს მფლობელებისგან აჭარის რეგიონიდან, სადაც კონკრეტულად, თითოეული მათგანი გამოხატავს თავის ემოციებს, თავის შეხედულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური შემოსავლის დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოკლე ვადაში იყოს დაძლეული. ამავე დროს, გავაგრძელებთ კიდევ უფრო ინტენსიურ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო ამაღლებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურისტებზე რუსეთიდან, ბუნებრივია აქ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს ხალხთაშორის ურთიერთობას. ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ტურიზმის სექტორის განვითარებამ გამოიწვია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთიდან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, საქართველოში სტუმრობის შემდეგ, რეალურად მონაწილეობენ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ფრენების შეჩერების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა საქართველო, როგორც სახელმწიფო და თბილისი, როგორც ქალაქი ტურისტებისთვის ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ადგილებია.
„საქართველო არის ღია ქვეყანა. ჩვენ გვსურს მივიღოთ მეტი ტურისტი, მეტი ვიზიტორი. სტუმარპასპინძლობა გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობა, რითაც თოთოეული ჩვენთაგანი ამაყობს. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების განუყოფელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობითა და შედეგზე ორიენტირებულობით მივუდგებით ამ საკითხს”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031