გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

4-07-2019

ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებულია ყველა ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება, დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა მთავარია. 

“ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ქართველი ერისთვის თავისუფლება ყოველთვის იყო მთავარი ფასეულობა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები სწორედ ამ მთავარი და დღეს ჩვენი თავისუფლება გადის ძლიერი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაზე”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს გვერდით დგომისთვის ყველაზე რთულ წუთებში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და აღნიშნა, რომ ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს. 

"ჩვენი გმირი სამხედროები მხარდამხარ ებრძვიან ყველაზე დიდ მტერს 21-ე საუკუნეში - საერთაშორისო ტერორიზმს. ჩვენ წელს ვაშინგტონში აღვნიშნეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილე. ეს იყო ძალიან დიდი წარმატების 10 წელი - პერიოდი, როდესაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ხდებოდა უფრო და უფრო ნაყოფიერი და სტრატეგიული”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობკს 10 წლის ოუბილესთან დაკავშირებულ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც მოიცავს იმ აქცენტებსა და პრიორიტეტებს, რომელსაც მომდევნო წლევის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება დაეფუძნება. 

“დარწმუნებული ვარ, ეს პრიორიტეტები ჩვენს ურთიერთობას აიყვანს ხარისხობრივად კიდევ უფრო ახალ დონეზე და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებაა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა. ამასთანავე, ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის დარგში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ბოლო ვიზიტისას, ბიზნესწრეებთან შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა მასშტაბის პოტენციალი აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში და მეტი ამერიკული კომპანია, რომელიც გამოიყენებს საქართველოს, როგორც პლატფორმას, რათა აწარმოოს ბიზნესი ჩვენს რეგიონში",- აღნიშნა პრემიერმა. 

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას განათლების სექტორში და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, განათლება არის ეროვნული იდეა და ამ სფეროში აშშ-თან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

"ამასთან ერთად, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ის ფასეულობები, რომელიც თავისუფლების მოყვარულ ერებს აერთიანებს, ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშეა. შესაბამისად, დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევით პრინციპული და გაბედული ნაბიჯების გადადგმა და საქართველო ამისთვის მზადაა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიღებაზე სტუმრებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა უმასპინძლა. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930