გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაცია დაგმეს

16-07-2019

პარლამენტთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაცია და რუსული პროპაგანდა დაგმეს.


აქციის მონაწილეთა განმარტებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მათ მიმართ რუსოფობიური დამოკიდებულება რუსული პროპაგანდის ნაწილია. იგორ კუროვცევის განმარტებით, რუსეთში რიგითი მოქალაქეები ემიჯნებიან პუტინის აგრესიულ პოლიტიკას და აღიარებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.


„ვაპროტესტებთ რუსეთის მიზანმიმართულ პროპაგანდას, რომ საქართველოში არ არის უსაფრთხო გარემო და არსებობს რუსოფობიური დამოკიდებულება.

საქართველოში არანაირი რადიკალები არ არიან და აქ გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე რუსეთში, თუნდაც სიტყვის თავისუფლების კუთხით.

რუსეთი არ არის მხოლოდ გავრილოვი, რომელიც არ ცნობს საქართველოს ოკუპაციას, რუსეთში არსებობს მეგობრულად განწყობილი მოსახლეობა, რომელიც თვლის, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ვაპროტესტებთ შესაძლო საზღვრების ჩაკეტვასაც, რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის მოძებნიან გზას, რომ ჩამოვიდეთ საქართველოში. თუ პუტინი არ უჯერებს ქართველებს, მოუსმინოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, პუტინი არის ოკუპანტი და საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა და ფონდ თავისუფალი რუსეთის წარმომადგენელმა.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ სურს. ეს პუტინმა ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზეზით ახსნა. პუტინის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.


8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.

რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.


ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.


20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.


8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.




https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930