გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩუკი ქარდავას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა დასრულდა

16-07-2019

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო გამოკითხვა, თუმცა ეს იყო დაკითხვა და მოსამართლემ ამის შესახებ დამიდასტურა დაკითხვის ბოლოს", - ამის შესახებ "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.


ქარდავას გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დასრულდა. მისი ინფორმაციით, შეკითხვები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და გამოძიებას ძირითადად აინტერესებდა იყო თუ არა 20 ივნისის აქცია ორგანიზებული, რაზეც ქარდავა პასუხობს, რომ აქცია სრულიად სპონტანური იყო. ქარდავას გამოკითხვისას პოლიტიკურ ლიდერებსა და მათ მოწოდებებზეც ჰკითხეს, თუმცა მისი თქმით, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეკითხვები არ ყოფილა.


ბაჩუკი ქარდავას განმარტებით, მან გამოკითხვის დროს საკუთარი ინიციატივით ისაუბრა ნიკა მელიას შესახებ. მისივე ინფორმაციით, გამოძიებას შეკითხვები არც სამართალდამცველთა გადაცდომებზე ჰქონია.


"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე რამდენიმე საათის წინ მივიდა.


საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს, რის გამოც გამოძიება სსკ-ის ორი, 225-ე და 315 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ამბოხებას, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას გულისხმობს.


20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში 240 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 80 სამართალდამცველი იყო, რეზინის ტყვიებისგან დაშავდა მედიის 38 წარმომადგენელი, აქციის 4 მონაწილეს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგეს.


რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.


20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.





https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930