17-07-2019
NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს, - კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოში კინოგადაღების მიმართულებით არსებობს. ამ კონტექსტში განხილული იყო პროგრამა - „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებში NBC UNIVERSAL-თან ხანგრძლივი კომუნიკაციის ისტორია არსებობს.
ჰოლივუდის კინოსტუდიის წარმომადგენლები საქართველოში ასევე სტუმრობდნენ რამდენიმე ლოკაციას, სადაც სხვადასხვა ფილმისთვის ცალკეული სცენების გადაღების საკითხი შეისწავლეს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მათ დაინტერესებას მიესალმება და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გადაღებების პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში.