გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი მსახიობი, რომელმაც "ჰოლივუდის ხეივანში" ვარსკვლავის გახსნაზე უარი თქვა - "რაში მჭირდება?! ჩემი ვარსკვლავი ჩემი სამშობლოა"

19-02-2018

ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. ბედის ლატარია, რომელსაც "ჰოლივუდის ბილიკი" ჰქვია. ის ქართველმა მსახიობმა გიორგი დარჩიაშვილმა მოიგო და უკვე მოასწრო კიდეც მასზე უარის თქმა. მსახიობი 20 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და საკმაოდ რთული გზაც გაუვლია მარტოობასა და უცხოობაში. რა თქმა უნდა, დიდი ტკივილი ახლავს საკუთარი სამშობლოდან შორს ყოფნას და ამიტომაც, ცოტა სევდიანი გამოვიდა ჩვენი საუბარი. თვითონ საკუთარ ცხოვრებას კომედიას ადარებს, ოღონდ ისეთს, ცრემლები რომ წამოგივათ...

- ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ უარი თქვით ამ ვარსკვლავზე, მაინც უნდა მოგილოცოთ, იღბლიანი ყოფილხართ... 
- იღბლიანი ვარ, ერთი ჩემი ახლობელი "ყისმათას" მეძახდა ბავშვობაში. ყველაფერი შემთხვევით მოხდა - იმ დღეს თავისუფალი დღე მქონდა და ვარსკვლავების ხეივანში გასეირნება გადავწყვიტე. დავინახე, ბულვარზე ბევრი ხალხი იყო. ვიკითხე, რა ხდებოდა და მითხრეს, რომ 50 დოლარად შემეძლო ბილეთის ყიდვა. თავიდან ხუმრობად ჩავთვალე, თუმცა მაინც ვიყიდე ეს ბილეთი. თურმე 7 თვის განმავლობაში 8.000 ბილეთი გაყიდულა და პირველი გამარჯვებული მე აღმოვჩნდი. ლატარიის გამარჯვებულს ფესტივალის წინ "ვარსკვლავების ხეივანში" უხსნიან ვარსკვლავს. ჩემი გვარი ვარსკვლავზე ბოლომდე არ დაეტია და შეამოკლეს - Gიორგი Dარცჰი დააწერეს. უნდა ჩატარდეს დახურვის ცერემონიალი, სადაც უჩვენებენ გადაღებულ მასალას, თუ როგორ მოხდა გათამაშება და ა.შ. მაგრამ როგორც უკვე იცით, უარი ვთქვი. მის შენახვაში 3 წლის მანძილზე ყოველთვიურად, საკმაოდ სოლიდური თანხა - 2.000 დოლარი უნდა ვიხადო, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ დიდხანს ვერ დავბრუნდები საქართველოში. რაში მჭირდება?! ჩემი ვარსკვლავი ჩემი სამშობლოა!
- ბატონო გიორგი, მომიყევით სტუდენტობაზე, თქვენ მიერ შესრულებულ როლებზე, ოჯახზე...
- მსახიობობა ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო... დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ერთმა ამბავმა, რომელიც დღემდე არავისთვის მომიყოლია. 3-4 წლის ვიყავი, მშობლებმა სოფელში წამიყვანეს ნათესავის გასვენებაში და იქ ვუყურე, დასაფლავებისას როგორ გაუწყდათ თოკი და მიცვალებული როგორ გადმოვარდა. საშინელი სანახაობა იყო, ატყდა წივილ-კივილი. მე ამ ყველაფერს ავტობუსიდან ვადევნებდი თვალს და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ან მიწაში რატომ დებდნენ ადამიანს. დიდი სტრესი მივიღე. დედამ მითხრა, ასეა წესი, ღმერთმა წაიყვანაო... თუ ღმერთმა წაიყვანა, მიწაში რატომ ჩადეს-მეთქი? მოკლედ, ბევრი კითხვა გამიჩნდა და მოსვენებას არ მაძლევდა უმთავრესი: აბა, რატომღა ვიბადებით, თუ აღარ უნდა ვიყოთ? პასუხს ვერ ვპოულობდი, შიშმა ამიტანა და დამტანჯა. ერთხელ ფილმი ვნახე, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი მოკვდა, მაგრამ სხვა ფილმში ისევ ცოცხალი დავინახე და გამიკვირდა: ეს კაცი ხომ მკვდარია-მეთქი? მაშინ მამამ ამიხსნა, რომ ეს კაცი ცნობილი მსახიობი იყო, იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი, მაგრამ ბევრი როლი ჰქონდა შესრულებული და ეკრანზე ყოველთვის ცოცხლობდა. აი, ამან გამიღვიძა მსახიობობის დაუოკებელი სურვილი. სიკვდილის შიშმა განსაზღვრა ჩემი პროფესია და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. გია და ლეო ანთაძეების ჯგუფში ვიყავი. მეტყველებასა და მხატვრულ კითხვას გურამ საღარაძე მასწავლიდა. სტუდენტობის პერიოდი საუკეთესო ხანაა, მით უმეტეს, როდესაც ისეთ პროფესიონალებთან ურთიერთობ, როგორებიც იყვნენ: გურამ საღარაძე, ლეო ანთაძე, გიგა ლორთქიფანიძე, ლილი იოსელიანი... ნეტავ, კიდევ განმეორდნენ ასეთი ქართველები, ვისაც გული შესტკივა საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე. სტუდენტობისას შექსპირის პიესაში "მეთორმეტე ღამე" მეზღვაურის როლი ვითამაშე. მერე 2 წელი ახმეტელის თეატრში ვიმუშავე. 1996-98 წლებში მერაბ კოსტავას სახელობის თეატრში, სპექტაკლში "მედეა" მეფე იაზონი ვიყავი, სამეფო უბნის თეატრის გახსნაზე კი - ოიდიპოსი. რაც შეეხება კინოს, 12 ფილმში მივიღე მონაწილეობა - აქედან 7 მთავარი როლი მაქვს შესრულებული. ასევე, სხვადასხვა ფილმში არაერთ ცნობილ რეჟისორთან მუშაობამ მომიწია: გიორგი მეგრელიშვილთან, ნიკოლოზ სანიშვილთან, შაში კაპურთან (რაჯ კაპურის ძმასთან), ისლამ კაზიევთან, გენადი ვასილევთან, მიხეილ კალატოზიშვილთან. ეს იყო, რაც მოვასწარი, მერე კი ასე შორს და ამდენი ხნით თუ გადმომისვრიდა ბედი, არ მეგონა.
- ამერიკაში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?
- ცნობილმა რუსმა რეჟისორმა, ვლადიმერ მოტილმა გადამიღო ფილმში - "დავშორდეთ, სანამ კარგები ვართ", რომელშიც აფხაზი ვითამაშე. შევასრულე ბაგრატ ტიაბშის როლი. ეს ისეთივე გმირია, როგორიც დათა თუთაშხია. ამ ფილმის პრემიერა გაიმართა 1991 წელს თბილისში, კინოს სახლში. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა, რუსეთში რამდენჯერმე აჩვენეს და მერე თაროზე შემოდეს. მოკლედ, წლების შემდეგ, 1999 წელს ეს ფილმი ვაშინგტონშის კინოთეატრშიც აჩვენეს და მახსოვს, მაყურებელმა მისი დამატებით ჩვენება მოითხოვა. რეჟისორმა ფილმის პრემიერაზე დამპატიჟა და ჩავედი. მაშინ საქართველოში ცუდი პერიოდი იყო და ვიფიქრე, სანამ ვიზა დამიმთავრდება, ვიმუშავებ-მეთქი და აი, უკვე მეოცე წელი დაიწყო, რაც აქ ვარ. 41 წლის ვიყავი მაშინ. ძალიან გამიჭირდა აქაურობასთან შეგუება, განსაკუთრებით პირველი 2 წელი, როცა არც ენა ვიცოდი და არც საბუთები მქონდა წესრიგში, მაგრამ სულით მებრძოლი ვარ. არასდროს დავცემულვარ. ვიცი, ჩემს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს! ბევრი გაჭირვება ვნახე აქ მარტოობაში; უჩემოდ იზრდებოდნენ ჩემი შვილები, რაც ძალიან მადარდებდა...
- ამჟამად სულ სხვა სფეროში ხართ დასაქმებული. თუ ახერხებთ ფილმებში თამაშს ან თუ გაქვთ შემოთავაზება რეჟისორებისგან? 
- როდესაც ფილმებში სათამაშოდ მეძახიან, უარს არასდროს ვამბობ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაკავებული ვარ. თითქმის ყოველდღე ვმუშაობ. დავამთავრე FBI-ის საოფიცრო კურსი და ვმუშაობ ბევერლი-ჰილზე, საიუველირო მაღაზიის დაცვის უფროსი ვარ. ჩაბარებული მაქვს რამდენიმე ბლოკი - დიდი რაოდენობის, დაახლოებით 3 მილიარდის ძვირად ღირებული ნივთები მაბარია. 10-15 თანამშრომელი მყავს, სხვათა შორის, ფერეიდნელი ქართველები, არაჩვეულებრივი ბიჭები არიან. მათთან ურთიერთობაში დავრწმუნდი, რომ ეროვნებაა მთავარი და არა სარწმუნოება, რომელიც იძულებით შეუცვალეს. ჩემთან ისეთი მოწიწებით მოდიან, თითქოს საქართველოს წინაშე იყრიან მუხლს. ჩვენი სამუშაო პრესტიჟულია, მაგრამ იმავდროულად, საშიშიც. თუ არ გარისკე, არაფერი გამოვა. კმაყოფილი ვარ, რომ პარალელურად ჩემი საქმის კეთებასაც ვასწრებ, რამდენიმე სცენარი უკვე დავწერე და ახლებზეც ვმუშაობ. ვწერ ლექსებსაც, რომლებშიც ჩემს გულისტკივილს ვდებ... უახლოეს მომავალში ვაპირებ ჩემი სცენარით ფილმის გადაღებას და გამოჩნდა ხალხი, ვინც დამაფინანსებს. ამ ფილმის გადასაღებად საქართველოში ალბათ, მაისში ჩამოვალ. 
- ახლა თქვენს ოჯახზეც მითხარით რამე...
- 3 შვილი - ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, ასევე, 5 შვილიშვილი მყავს. ჩემი უფროსი ბიჭი - მიშიკო დარჩიაშვილი ავღანეთში ორჯერ იყო, მერე სამაჩაბლოშიც იბრძოდა. ამერიკაში დაამთავრა სამხედრო აკადემია და ისევ უკან, თბილისში დაბრუნდა, სამშობლოს უნდა ვემსახუროო. თვითონ არ უყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ მე მამა ვარ, მეამაყება და მაინც უნდა გითხრათ! საქართველოს სამსახურშია!.. უმცროსი - ოთარი მსახიობიც არის და რეჟისორიც, სცენარებსაც წერს. მასთან ერთად ვითამაშე ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში "ექვთიმე ღვთისკაცი". მან ორჯონიკიძის პროტოტიპი ითამაშა, მე კი - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის. 
- ემიგრაციაში ყოფნისას ყველაზე რთული მაინც, რა იყო თქვენთვის?
- სიტყვა "საქართველოს" რომ ვახსენებ, ყოველთვის ცრემლები მომდის... იცით, გული რატომ მტკივა? ჯერაც ვერ გავიაზრეთ, რომ ჩვენი დამხმარე სხვა არავინ არის, რომ დიდი ქვეყნები მხოლოდ მტრები არიან ჩვენი, წაიღებენ ჩვენს მიწა-წყალს და მშრალზე დაგვტოვებენ. თურმე, ეს ჩვენი პატარა ქვეყანა ყველაზე დიდი ყოფილა - ყველას მისი ინტერესი აქვს. ვიცი, საქართველოს გადარჩენა და სიცოცხლე უწერია!.. ეს ვარსკვლავი ბედმა მაჩუქა, მაგრამ არც არაფერი გამიკეთებია საიმისო, რომ დამემსახურებინა. გულსატკენია, რომ საქართველოში არ შემიძლია ცხოვრება და სხვები, უცხოტომელები იქ ცხოვრებას იწყობენ. ადვილი არ არის ემიგრანტობა. ჩათვალეთ, რომ გისოსები არ აქვს სახლს, თორემ ციხეში ხარ! 19 წელი ცოტა ხომ არ არის, ეს მთელი ცხოვრებაა. შვილიშვილები კომპიუტერით მცნობენ და მეკითხებიან, - როდის ჩამოხვალო? მაგრამ როცა ოჯახი შენს კისერზეა, რა უნდა გააკეთო? მე არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ასეა რეალურად. 5-წლიანი განშორების შემდეგ პირველად რომ დავაბიჯე ფეხი ქართულ მიწას, ვიფიქრე, არაფერი ვატკინო-მეთქი. გული როგორ არ მაქვს, მაგრამ მე თუ ცრემლები წამომივიდოდა, ვერ ვიფიქრებდი. გული კიდევ ერთ რამეზე მწყდება - ვისაც დახმარების ხელი გავუწოდე და სამსახურში ავიყვანე, ყველა ქურდობაზე დაიჭირეს და ბორკილები დაადვეს. თქვე დალოცვილებო, მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით, თქვენ კი რას სჩადიხართ-მეთქი? - ვფიქრობდი და ასეთ დროს ყოველთვის მახსენდებოდა ექვთიმე თაყაიშვილი - ერთმა კაცმა ერის კულტურა გადაარჩინა; კაცმა, რომელიც მშიერი მოკვდა, არადა, მთელი ქვეყნის საგანძური ებარა. რამხელა ერისშვილობაა ეს?! ამიტომაც ვამბობ გულისტკივილით: საქართველო დღეს სხვაა და ქართველი - სხვა...


f.dainteresdi.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031