8-08-2019
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული.
„თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც უკავშირდება აგვისტოს ომს, არის მაგალითი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსათვის თავდადება. ქვეყნის ერთიანობა და მშვიდობა იყო ჩვენი ჯარისკაცების ოცნება, იდეალი, რასაც ისინი შეეწირნენ და მათი შვილები, მათი ოჯახები იმსახურებენ მშვიდობას და უსაფრთხოებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში აღარასოდეს განმეორდეს ომი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. დარწმუნებული ვარ, საქართველო შეძლებს თავისი უკეთესი მომავალი ააშენოს. მშვიდობით ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.