11-10-2019
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში” საქართველოს შეფასება არ გაურესებულა, არ შემცირებულა და პრაქტიკულად იგივე დარჩა, რაც წინა წელს იყო (61 ქულა). 2019 წელს, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღნიშნული ანგარიშის მეთოდოლოგია შეცვალა. მართალია, მეთოდოლოგიის ცვლილება თითქმის ყველა ქვეყანაზე აისახა, თუმცა იყო გამონაკლისები. საქართველოს, ნორვეგიის, ბელგიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის ორგანიზაციამ ძველი წლების გამოკითხვის შედეგები დატოვა ძალაში და მონაცემები არ განაახლა, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც ეს შედეგი”,- ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე, ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, სოციალურ ქსელში წერს.
ზოგადად, არ მიყვარს კონკრეტულ პოსტებზე გამოხმაურება, მაგრამ ამჯერად სხვა შემთხვევაა... „ობიექტურობის“ მანდატმოსხული როცა შეგნებულად იტყუები და ადამიანები მიზანმიმართულად შეგყავს შეცდომაში, ამას უკვე სხვა სახელი ქვია.
ამ დღეებში რამდენიმე რეიტინგი გამოქვეყნდა. თუ ობიექტური ხარ, ყველას უნდა შეეხო და არა შერჩევით. რასაც ეხები, იქ მაინც დაწერე სიმართლე და არა ისე, როგორც შენ გაწყობს კონკრეტულ სიტუაციაში.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” დეტალური გამოკვლევის (GCS) მიხედვით 8 ადგილით გაუარესდა ქვეყნის პოზიცია. ოპოზიციამაც მისთვის დამახასიათებელი ზედაპირულობით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე დაიწყო სპეკულაციები, თითქოს და ამ დღეებში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის ინდიკატორები ბევრს არაფერს ნიშნავს და ქვეყნის განვითარების შეფასების გაცილებით მნიშვნელოვან ინდიკატორად გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი ითვლება. სამწუხაროდ, ამ მორიგ ტენდენციურ ნარატივს ექსპერტთა ნაწილიც აჰყვა. ატყდა ერთი ამბავი, რომ საქართველო მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდა და რომ რეგიონში ახლა აზერბაიჯანის გარდა, სომხეთიც გვისწრებს.
ეს საკითხი უფრო გასაგები რომ გახდეს, მსურს რამდენიმე ფაქტორი გამოვყო:
• „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში” საქართველოს შეფასება არ გაურესებულა, არ შემცირებულა და პრაქტიკულად იგივე დარჩა, რაც წინა წელს იყო (61 ქულა).
• 2019 წელს, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღნიშნული ანგარიშის მეთოდოლოგია შეცვალა. მართალია, მეთოდოლოგიის ცვლილება თითქმის ყველა ქვეყანაზე აისახა, თუმცა იყო გამონაკლისები. საქართველოს, ნორვეგიის, ბელგიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის ორგანიზაციამ ძველი წლების გამოკითხვის შედეგები დატოვა ძალაში და მონაცემები არ განაახლა, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც ეს შედეგი.
• ახალი მონაცემები ანგარიშში მომავალ წელს აუცილებლად აისახება. შესაბამისად, ქვეყნის პოზიციაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან მონაცემები ძველი მეთოდოლოგიით რომ დათვლილიყო, რეიტინგში მინიმუმ იგივე ადგილზე ვიქნებოდით, რადგან შეფასების საერთო ქულა არ შეცვლილა.
"თქვენს „გულისტკივილს“ კიდევ დაიჯერებდა ადამიანი, იქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევაც რომ გეხსენებინათ, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა და წარმოადგენს მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებს“. ამ კვლევებს საფუძვლად არ უდევს საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. მსოფლიო ბანკმა განაახლა ეს მონაცემები და შედეგიც სახეზეა.
ვიმეორებ, „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ ითვლება 33 მასშტაბურ კვლევასთან ერთად. მასში შედის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” შედეგებიც. შესაბამისად, წარმოადგენს რა უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეფასებას, ქვეყანამ რეალური წინსვლა დააფიქსირა კორუფციის კონტროლის, რეგულირების ხარისხის და მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის, ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულებში გავიდა, ხოლო მთავრობის ეფექტიანობით ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.
თუ ობიექტურობაზე გვაქვს რაიმე პრეტენზია, იქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი რეგულაციების ეფექტიანობა და კორუფციის დონის კონტროლი, რომლის საფუძველზეც საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა პორტუგალია, ლიეტუვა, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი თუ სლოვაკეთი.
გარდა ამისა, რასაც ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინვესტორებისთვის, უნდა აღინიშნოს წამყვანი საერთშორისო ორგანიზაციების, სარეიტინგო კომპანიების, კვლევითი ცენტრების ბოლო კვლევები და შეფასებები, რაც საქართველოსთვის ცალსახად პოზიტიურია. მაგალითისთვის წამყვანი სარეიტინგო კომპანია ,,FITCH“-ის რეიტინგში კვლავინდებურად ისტორიულ მაქსიმუმზე ვართ (BB), და საქართველო საშუალოვშემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.
მაგრამ ბუნებრივია, ოპოზიციის ინტერესში ეს სულაც არ შედიოდა. როგორც ჩანს, ეს რეალობა არც თქვენ გაინტერესებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული ოპოფლანგის მთელი სტრატეგია, ხომ სიცრუესთან უხვად ნაზავი ნეგატივის ტირაჟირებაა და არა ქვეყნის წარმატებების აღიარებაა. თითქოს ეს ადამიანები ამ ქვეყნის მოქალაქეები არ იყვნენ. აი, ეს არის ყველაზე სამწუხარო რეალობაც"-აცხადებს ექსპერტი.