გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად კვაჭანტირაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენცია-გამოფენაში - „ახმეტელები საქართველოსთვის” მიიღო მონაწილეობა

11-03-2018

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია-გამოფენა - „ახმეტელები საქართველოსთვის” გახსნა.


“წელს, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში საზეიმო ვითარებაში აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს. ამ ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი საინტერესო ღონისძიება.


მას შემდეგ, რაც საქართველომ კვლავ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენ მოგვეცა საშუალება სულ უფრო აქტიურად გადავფურცლოთ ისტორიის დახურული ფურცლები და უფრო ახლოს გავეცნოთ იმ დიდ მამულიშვილთა მოღვაწეობას, რომელთაც ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენი სამშობლოსთვის. მათ შორის არიან ძმები ახმეტელები, რომელთა როლი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებაში და მის არსებობაში არის განუზომლად დიდი. დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ ერთხელ კიდევ გავიხსენებთ ამ ღირსეულ მამულიშვილებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“,-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


კომიტეტის თავმჯდომარემ იმ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა, რომელსაც ამ თარიღისთვის საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გეგმავს.


„განსაკუთრებული საიუბილეო წელი გვაქვს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ აღინიშნება. მათ შორის, საქართველოს პარლამენტში“,-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. მისი თქმით, პარლამენტი 15 მაისს საინტერესო და მნიშვნელოვან სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს. სადაც მეცნიერები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მოხსენებებს წარმოადგენენ.


საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენცია- გამოფენაზე - ”ახმეტელები საქართველოსთვის” წარმოდგენილი იყო გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სრულუფლებიანი ელჩის, ვლადიმერ (ლადო) ახმეტელისა და გერმანიაში მოღვაწე პოლიტიკური ემიგრანტის, ბრესლაუსა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორის, მიხეილ ახმეტელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა. გარდა ამისა, სტუმრები გენერალ სტეფანე ახმეტელის და დამფუძნებელი კრების წევრის, სიმონ (სიკო) ახმეტელის ფოტო მასალას და მემორიალურ ნივთებს გაეცნენ.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გამართულ კონფერენცია გამოფენას საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031