გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეყანაში სტუდენტების რაოდენობა 148,8 ათასს შეადგენს

3-03-2020

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაწესებულებათა რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 60.0% ქალაქ თბილისშია.

2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 43.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27.9 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 15.4 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 1.6 ათასით. ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 148.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 0.7%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 64.2%, ხოლო კერძოში - 35.8%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 50.6% ქალია, ხოლო 49.4% - კაცი.

საქსტატის ცნობითვე, 2019 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 24.8 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.0%-ით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 56.7% არის ქალი, ხოლო 43.3% - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 2.3-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რაოდენობას.

2019 წლის მონაცემებით, სადოქტორო პროგრამებს ახორციელებდა 32 უნივერსიტეტი (2018 წელთან შედარებით არ შეცვლილა). აღნიშნულ უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, თითქმის 20,0%-ით გაიზარდა და 1 322 პირი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა დოქტორანტების საერთო რიცხოვნობა და 3 976 შეადგინა, რაც 13.2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2019 წელს სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რაოდენობის ზრდა სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამაზე დაფიქსირდა. 2019 წელს აღნიშნულ პროგრამაზე, როგორც მიღებულ დოქტორანტთა (380), ისე კურსდამთავრებულთა (113) უმეტესობა ქალია. წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა უმნიშვნელოდ გაიზარდა და 487 პირი შეადგინა. ზრდა აღინიშნა ძირითადად ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების და მომსახურების დარგების სადოქტორო პროგრამებზე.

ზრდა აღინიშნა დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელების რიცხოვნობაში, რაც განპირობებულია დოქტორანტების რაოდენობის ზრდით. ამასთან, რიგ შემთხვევებში დოქტორანტს ყავს 2 ხელმძღვანელი: ქართველი და უცხოელი. 2019 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, დოქტორანტთა საერთო რაოდენობიდან დიდი ნაწილი მოდის 35 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე. 2019 წელს გაზრდილია უცხოელი დოქტორანტების რაოდენობა. უცხოელი დოქტორანტებიდან 61.9% კაცია, ხოლო 38.1% ქალი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930