გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: შვედეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს

14-03-2018


საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, შვედეთის სამეფოს ეწვია.


ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან - მორგან იოჰანსონთან, შვედეთის პოლიციის ეროვნულ კომისართან - ანდერს თორნბერგთან და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან - ბიორნ სოდერთან.


შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის დანაშაულის და განსაკუთრებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემდგომი გაძლიერების შესახებ“ ერთობლივ განცხადებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.


მხარეებმა აღნიშნეს შვედეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობა. აგრეთვე, აღინიშნა, შვედეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია, თუმცა, მთავარ პრობლემად გამოიკვეთა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.


გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს და ზოგადად, ამ საკითხის გადახედვა პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. მორგან იოჰანსონმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით.


გიორგი გახარიამ შვედ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. ხაზი გაესვა სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შვედეთში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება. სტუმრებმა შვედურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე წლის 9 მარტს ევროპოლთან გაფორმებული მემორანდუმების შესახებ, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.


მხარეებმა შვედეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ქვეყნისთვის გადმოცემის შემდეგ, მათ მიერ სასჯელის საქართველოში მოხდის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ შვედეთი და საქართველო ამ საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ, განსაკუთრებით, ამ მიმართულებით ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის თანახმად, შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან.


,,ვფიქრობთ, თანამშრომლობის არსებული ფორმა საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა, საჭიროა მისი გაძლიერება და ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, ახალი ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით. უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. აღნიშნულის პრევენციისთვის საქართველოს მთავრობა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მისივე თქმით, რამდენიმე საკითხზე მოხდა შეთანხმება, მათ შორის, იმის შესახებ, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის გაღრმავდება თანამშრომლობა ოპერატიულ დონეზე და ფაქტობრივად, მიღწეული იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში, შვედეთის მთავრობის მხრიდან მსგავსი საკითხი, როგორც პრობლემური, უკვე აღარ დაისმება. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამართალდამცავ უწყებებს შორის ოპერატიულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი ნაბიჯები იქნება გადადგმული და ეს გადაწყვეტილება დაფიქსირებულ იქნა მემორანდუმში, რომელსაც ხელი მოეწერა. ასევე, შვედეთის მხარემ გვთხოვა, განგვეხილა საქართველოს მოქალაქეების საკითხი, რომლებიც იმყოფებიან შვედეთის პენიტენციალურ სისტემაში, შესაძლებელი არის თუ არა მათი საქართველოში გადაყვანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


რაც შეეხება შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინიტრს, პრესკონფერენციაზე მან ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ეფექტიან თანამშრომლობას, არა მხოლოდ მინისტრების, არამედ ოპერატიულ დონეზეც.


შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან აუდიენციამდე, გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, შვედეთის პოლიციის ეროვნულ კომისარს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ანდერს თორნბერგი თანამდებობაზე ახლადდანიშნულია. მან პირველი საერთაშორისო შეხვედრა სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ წარმატებულ ოპერატიულ თანამშრომლობას, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს წვლილი. გიორგი გახარიამ შვედ კოლეგას უახლოეს მომავალში დაგეგმილი რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.


შვედურმა მხარემ ქართული დელეგაციისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართა და საერთაშორისო ოფიცრების მუშაობის პრინციპები გააცნო.


რაც შეეხება შეხვედრას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბიორნ სოდერთან საუბრისას განსაკუთრებულად აღინიშნა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრის შედეგები. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. შვედურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

,,ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენს პარლამენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი ეწვია. ჩვენ ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ შვედეთისა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელსაც საკმაოდ მრავალწლიანი ტრადიცია აქვს.


ვფიქრობ, როგორც საპარლამენტო, ასევე, აღმასრულებელ დონეზე არსებობს არაერთი საკითხი, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს და გუშინდელი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის სასარგებლო იქნება ამ მიმართულებით", - განაცხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბიორნ სოდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ქართულმა მხარემ შვედ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, როგორც ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031