გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჩემი ადვოკატის“ პრაქტიკული კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

17-03-2018

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა იმ სტუდენტებს, რომლებმაც პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა.


სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


მარინა ბერაძის განცხადებით, კურსი მომავალ ადვოკატებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება, რაც ხელს უწყობს სამართლის ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. მისივე თქმით, პროექტი სტუდენტების სამომავლო დასაქმების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.


„ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს საშუალებას არა მხოლოდ აიმაღლონ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევები, არამედ სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდეთ. ჩვენთან სამსახურში მოდიან სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები და გვთხოვენ იმ სტუდენტებთან დაკავშირებას, რომლებიც ჩვენთან გადიოდნენ პრაქტიკას“,-განაცხადა მარინა ბერაძემ.


საადვოკატო პრაქტიკას ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები 4 თვის განმავლობაში გადიოდნენ. ორგანიზაციამ პროექტში ამჯერად 90-მდე სტუდენტი ჩართო.


კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.


იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უფასო სამართლებრივ საქმიანობას ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინტერესების დაცვა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში. გარდა ამისა, კლინიკა აქტიურად მუშაობს მომავალი იურისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. გასულ წელს პრაქტიკა სულ 140 სტუდენტმა გაიარა, წელს კი პროექტში 200-მდე სტუდენტის ჩართვა იგეგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930