14-04-2020
ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ამოცანაა, პირველი, დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე, დაიცვას სახელმწიფოს ინსტიტუტები, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველასთვის. მეორეს მხრივ, არის ეკლესია, რომლის ასევე ეგზისტენციალური ამოცანაა, რომ ეკლესია არ უნდა დაიხუროს, რაც ასევე, გასაგებია. ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ, ათასწლოვანი ისტორიით ეკლესიის და სახელმწიფოს თანამშრომლობის. დღეს ვართ განსაკუთრებულ, საგანგებო მდგომარეობაში ომის და ბრძოლის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"აქ, გარკვეული პრიორიტეტები გასაგებია, რომ ინსტიტუციონალურად შეიძლება სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს სხვადასხვა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ, პირადად მე, იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის, მისი გონიერების და სიბრძნის იმიტომ, რომ მოქალაქე ხვდება ერთ რამეს, რომ კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი, არა პოზიტიური, არამედ პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს ისევე, როგორც ეკლესიის არ დახურვა და მისი ფუნქციონირება, ბევრი ჩვენი, ჩემს მიერ უაღრესად პატივსაცემი მორწმუნე ადამიანისთვის არის ასევე ეგზისტენციალური საკითხი,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, არც ერთ შემთხვევაში, კანონი არ დაირღვევა
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არც ერთ შემთხვევაში, კანონი არ დაირღვევა. ეს იქნება, როგორც სახელმწიფოს, ისევე ეკლესიის მოწოდება ისევე, როგორც მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება. განსაკუთრებით, სააღდგომო ღამეს. აქ, ჩემი და ჩვენი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე. მოქალაქე, რომელიც არის გონიერი და რომელმაც იცის, რომ თავის თავზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს და თავის თავზე, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს ყველა სხვას. არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და დაელოდოს ეკლესიის მოწოდებას, რომელიც რა თქმა უნდა, ვერ იქნება, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში, ან სახელმწიფოსგან დაელოდოს ისეთ მოწოდებას, რომ თქვენ დაარღვიეთ კანონი და ჩვენ თვალს დავხუჭავთ. ეს არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძენი მოქალაქე ამას მიხვდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.