გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

23-03-2018

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა წარადგინა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.
ზალკალიანმა დელეგატებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება, საოკუპაციო ძალამ არ დაუშვა გაერო-სა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შეღწევა ამ რეგიონებში.

ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის დელეგაციებმა. თავიანთ გამოსვლებში, აღნიშნული ქვეყნები მიესალმნენ საქართველოს თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან. დელეგაციებმა ერთხმად გამოხატეს შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ისაუბრეს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების შესვლის საჭიროებაზე. თავის განცხადებაში ავსტრალიის დელეგაცია ასევე გამოეხმაურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩვენო უბნების გახსნას და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამომსვლელებმა მოუწოდეს საბჭოს წევრებს ქართული მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.

რეზოლუციის განხილვისას სიტყვით ასევე გამოვიდა შვეიცარიის კონფედერაცია, რომელმაც გაიზიარა შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებთა მდგომარეობასთან დაკავშირებით და დააფიქსირა მხარდაჭერა ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის განხორციელების თაობაზე. შვეიცარიის დელეგაციამ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მაისის განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა მზადყოფნა კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად.

23 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.

რეზოლუციაში აღნიშნულია უმაღლესი კომისრის 2017 წლის ანგარიშში მოცემული შეფასებები და ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში ეფექტური კონტროლის მქონე ძალის პასუხისმგებლობა - უზრუნველყოს ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სახლების მიზანმიმართულ ნგრევასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება - მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს მომდევნო - 38-ე და 39-ე სესიებზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031