28-05-2020
მშენებლობა და დეველოპმენტი, კრიზისამდე, პანდემიამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
გიორგი გახარიამ განმარტა, თუ რატომ არის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპი დეველოპმენტი. ‘
„პირველი ანტიკრიზისული გეგმა მიმართულია ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. მეორე გეგმა იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს იყო ზრუნვა ფერმერზე, გლეხზე და სოფელზე, ხოლო მესამე იყო განათლება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მეოთხე ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობას და დეველოპმენტს.
მშენებლობა და დეველოპმენტი იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და გარდა იმისა, რომ ამ სექტორში სრულად დასაქმებული არის 120 ათასი ადამიანი პირდაპირ, ირიბად დაახლოებით ერთი ამდენი ადამიანია კიდე დასაქმებული. მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი. მასზეა დამოკიდებული ისეთი წარმოებები, როგორიც არის სამშენებლო მასალების მწარმოებლები, ავეჯის წარმოება, სარემონტო სამუშაოები, სხვადასხვა სახის ტექნიკებით ვაჭრობა და აღჭურვა. ძალიან ბევრი სექტორია დამოკიდებული. ეს არ ნიშნავს მხოლოდ სამშენებლო კომპანიების და დეველოპერი კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეპიდემიოლოგიურად ჩვენი წარმატებები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით საერთოდ დაკარგავს ყველანაირ აზრს და ფასს, თუ ჩვენ ეკონომიკა ეტაპობრივად, ნელ-ნელა არ გავხსენით.
„ეს იმდენად ურთიერთდაკავშირებული საკითხებია, რომ ყველანაირი გამარჯვება ვირუსთან ბრძოლაში გლობალურად იქნება უაზრო და უშედეგო, თუ ჩვენ ჯანდაცვის სფეროში წარმატებების პარალელურად, არ აღვადგინეთ ჩვენი ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად.
დღეს საქართველოში გვყავს ახალი 3 ინფიცირებული ადამიანი და აქედან, სამწუხაროდ, 2 არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ერთი მძღოლი, გადამზიდავი ავტოსაშუალების, რომელიც შემოვიდა ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან. საბოლოო ჯამში, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს და გეოგრაფიას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსს ვაკონტროლებთ და კონტროლის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ როგორ ვიქცევით, როგორ ვასრულებთ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს და როგორ ვუფრთხილდებით ერთმანეთს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.