გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე მეწარმეებს დამატებით ჟანგბადს მისცემს

4-04-2018

საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადახადო ინიციატივებით გამოდის, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა მინისტრის მიერ ინიცირებული სამი ახალი რეფორმა დამატებით ჟანგბადს მისცემს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს.


„ფინანსთა სამინისტრომ ახლახან წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ ამცირებს საგადასახადო ტვირთს. რეალურად ეს იყო მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით. დღეს წარმოდგენილი სამი ახალი ინიციატივა ისეთივე მასშტაბური და ნოვატორულია, როგორც აქამდე ინიცირებული რეფორმები. პირველი რეფორმის თანახმად, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისაგან და ნაცვლად 5 საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, იქნება ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი. ამით, ჩვენს მეწარმეებს მოეხსნებათ უზარმაზარი ბიუროკრატიული ტვირთი, რომ დოკუმენტბრუნვაში არ დახარჯონ იმდენი რესურსი, რამდენსაც დღეს ხარჯავენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტია, საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული მოსახლეობის ყველა ფენა, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ნაწილი და მეორე ინიციატივა სწორედ ამას გულისხმობს.


„ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს აქვს განცდა, რომ მაგალითად, როდესაც მთიან რეგიონებში იხსნება სასტუმროები თუ ახალი სავაჭრო წერტილები, იქ ნაკლებად ხვდება ადგილობრივი პროდუქცია, ანუ იმ რაიონში, იმ სოფელში წარმოებული პროდუქცია და ხშირად, პროდუქციის შეძენა და ჩატანა ხდება თბილისიდან თუ სხვა რეგიონული ცენტრებიდან. ამიტომ, იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ამ მიმართულებით შესყიდვები, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებულ კვების პროდუქტებზე, რათა ადგილობრივი ნაწარმი მაქსიმალურად გვქონდეს წარმოდგენილი, როგორც მცირე და ოჯახური ტიპის, ისე - რეგიონებში და სოფლებში გახსნილ სასტუმროებში, მაქსიმალურად ვამარტივებთ, როგორც საგადასახადო, ისე პროცედურული კუთხით პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმერებისგან. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ამ პრობლემის გამო, ძალიან ხშირად, ბიზნესი უარს ამბობდა ხარისხიანი პროდუქციის შეძენაზე. ამ ცვლილებით ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ბიზნესი შეზღუდვის გარეშე შეისყიდის ამ პროდუქციას და ეს აისახება იმ საგადასახადო ტვირთში, რომელიც ამ შემთხვევაში კომპანიას ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აუცილებლად უნდა წახალისდნენ, რათა ადგილობრივი, ადგილზე წარმოებული პროდუქცია შეიძინონ. ეს არის ასევე საუკეთესო ევროპული პრაქტიკაც. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში გვხვდება ადგილობრივი ნაწარმი და სწორედ ეს არის მომხიბვლელი. როდესაც ადამიანები მთაში მიდიან დასასვენებლად, მათ სურთ, იქაური პროდუქცია იგემონ და სამწუხაროდ, ის საგადასახადო გარემო, რომელიც ჩვენ გვქონდა, ამის საშუალებას არ იძლეოდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მესამე ინიციატივა საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად.


„შესაბამისად, ეს ინიციატივა გულისხმობს არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას. ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანაში, გახსნან ანგარიშები ჩვენს საბანკო სისტემაში. მათ ასევე ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში კომპანიის მართვა, ფიზიკურად აქ ყოფნის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, მნიშვნელოვანი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავალუტო ფონდთან კოორდინაციის კუთხით. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შემოსავლის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივების წარმოდგენას წინ უძღოდა სიღრმისეული განხილვები, როგორც მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში, ისე საპარლამენტო უმრავლესობასთან და ასეთი კოორდინაცია და თანამშრომლობა გაგრძელდება.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031