გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: მე ყველა შემთხვევაში დავბრუნდები საქართველოში და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება

11-04-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "Freedom House"-ის ანგარიშით დადასტურდა, რომ მის წინააღმდეგ არსებული საქმეები უსაფუძვლოა.
მისივე თქმით, ის საქართველოში აუცილებლად ჩამოვა, რის შემდეგაც ყველაფერი დალაგდება.

„ახლა უკვე მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ეს საქმეები არის სრულიად უსაფუძვლო და ყველა, ვინც ამბობს, რომ მე რამე დავაშავე, გაფარჩაკდა "Freedom House"-ის ანგარიშით, ისინი ტყუილად არაფერს წერენ. დადასტურდა, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი პოლიტიკური დევნა. მინდა ვუთხრა ივანიშვილს, მევახშეს, რომელიც გვიშლის ხელს, რომ საქართველო წინ წავიდეს, ხალხს მივცეთ ხელფასები, შევაჩეროთ ქვეყნის დაცლა ხალხისგან, მე ყველა შემთხვევაში დავბრუნდები საქართველოში, ჩემს სამშობლოში, ჩემს საყვარელ ხალხთან და ყველა შემთხვევაში დავასრულებ მის კლეპტოკრატიულ, ოლიგარქიულ მმართველობას, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ კურსს, რომელიც მას, მის მაფიას აქვს ახლა საქართველოში. ყველაფერი დადგება თავის ადგილზე,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსეთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ როგორც „Freedom House“-ის ანგარიშში წერია, სააკაშვილის შესაძლო დაკავება უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობას ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან.
„ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობამ უმეტესწილად თავი დაანება ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა ყოფილი ოფიციალური პირების დაკავებას და სამართლებრივ დევნას. თუმცა ხელისუფლება ჯერ კიდევ მიისწრაფვის ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის, გასამართლებისკენ, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს აგვისტოში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კვლავ მოითხოვა სააკაშვილის ექსტრადირება ქონების არაკანონიერი მისაკუთრებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საფუძველზე. სააკაშვილის შესაძლო დაკავება უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობას ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან, რომელიც ყურადღებით აკვირდება ე.წ. "სამართლიანობის აღდგენის" პოლიტიკას, განსაკუთრებით საქართველოს სასამართლო სისტემის პოლიტიზირების ფონზე. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიმსახურა ობიექტური კრიტიკის თავისი წილი საერთაშორისო გაერთიანების მხრიდან მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ვენდეტისთვის,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930