გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული მარში: სასიკვდილო შიმშილობას ვიწყებთ, წინა აქციები დიეტას ჰგავდა

13-04-2018

"ქართული მარში" სასიკვდილო შიმშილობას აანონსებს. სანდრო ბრეგაძის თქმით, ისინი ამით "მარშის" 7 წევრის დაკავებას და წინასწარ პატიმრობას გააპროტესტებენ. 

ბრეგაძე ამბობს, რომ 30 აპრილს შიმშილობას მათთან ერთად ორგანიზაციის დაკავებული წევრებიც დაიწყებენ, ასევე მათ შეუერთდებიან გლდანის ციხეში მყოფი სხვა პატიმრები და დაკავებულთა ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან. აქცია სამ ადგილას - სახელმწიფო კანცელარიასთან, შსს-ს შენობის წინ და მთავარ პროკურატურასთან გაიმართება.

„ეს არ იქნება წინა აქციებივით, რომლებიც უფრო დიეტას ჰგავდნენ. ეს იქნება 1981 წლის ირლანდიელი პატრიოტების მიერ დაწყებული აქციის მსგავსი - „სასიკვდილო შიმშილობა“, რომელსაც მაშინ სამწუხაროდ 10 ირლანდიელი პატრიოტი შეეწირა“ - თქვა სანდრო ბრეგაძემ.

"ქართული მარშის" ლიდერი ამბობს, რომ მათზე ზეწოლა ქართული ოცნების ლიდერებმა, თამარ ჩუგოშვილმა და მამუკა მდინარაძემ ვანო ზარდიაშვილთან ერთად დაგეგმეს. მისივე თქმით, ზეწოლის შემსრულებელია გიგა ბოკერიაც. 

"ქართული მარშის" 7 წევრს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 თვით თავისუფლების აღკვეთა 23 მარტს შეუფარდა.

ისინი რუსთავი 2-თან, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის გამო დააკავეს.

ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტის საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ - გაბუნიამ სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული". 

მეორე დღეს "ქართული მარშის" წევრები რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

ქართული ოცნების დეპუტატის მიერ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ ამ განცხადებას ძალადობრივი ჯგუფის წევრები იწონებენ და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მეტი ასეთი ადამიანი უნდა იყოს.



tabula.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930