გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი: საქართველო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი სრულიად არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს

16-04-2018


 ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროკავშირი მჭიდროდ დააკვირდება ”შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვის პროცესს.

მისივე თქმით, ამ საკითხში პროგრესი ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება.

ამის შესახებ ჰანის იმ წერილშია აღნიშნული, რომლითაც მან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი აქტივისტური ჯგუფების მიერ მიმდინარე წლის 18 თებერვალს ევროკომისრების იოჰანეს ჰანის, მარიანა ტისენის და სესილია მალმსტრომის სახელზე გაგზავნილ მიმართვას უპასუხა.

ძვირფასო ქალბატონო ღვინიანიძე,

მადლობას მოგახსენებთ თქვენი 2018 წლის 13 თებერვლის წერილისათვის, რომელიც ეხება ქართული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან შენიშვნებს პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებულ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონთან მიმართებით. ამ წერილით ასევე მსურს, წარმოვადგინო კომისრების - მალსტრომისა და ტისენის, პოზიციები.

ევროკავშირი სრულად ინფორმირებულია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ეხება სამუშაო ადგილებზე არსებულ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, ასევე, სამუშაო პირობებსა და ზოგადად სოციალურ დაცვას. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ [მთავრობას] მოქმედებისაკენ და შეშფოთებულნი ვართ სამუშაო პირობებზე, შრომით ურთიერთობებსა და შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემის შექმნის პროცესში პროგრესის ნაკლებობის გამო.

შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულების ეფექტიანი სისტემის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით (მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) აღებული ვალდებულებების  - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციებით განმტკიცებული შრომის ძირითადი სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის - დარღვევა.

საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკა, ისევე, როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, სრულად არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის [სტანდარტებთან] სამუშაო ადგილას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და შრომის დაცვის სფეროში. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ეფექტიანი, პროპორციული და გამჭვირვალე სანქციების მოქმედებას, რომლებსაც დამსაქმებლებთან მიმართებით გააჩნია ნამდვილი და შემაკავებელი ეფექტი. ნათელი, განჭვრეტადი და აღსრულებადი წესები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ვაჭრობისთვის. საქართველომ ცნო ის სარგებელი, რომელიც ძირითად შრომით სტანდარტებსა და ღირსეულ სამუშაოს შესაძლოა ჰქონდეს ეკონომიკის ქმედითობაზე, ინოვაციებსა და პროდუქტიულობაზე.

ამ ფონზე, კარგად ვიაზრებთ თქვენს შეშფოთებას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის დებულებებთან მიმართებით. ევროკავშირი მჭიდროდ დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, და განაგრძობს დაჟინებით მოთხოვნას, რათა კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებმა შრომის ინსპექტირების ჯეროვანი სისტემის დაარსებასთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს ყველა დასაქმებულის ეფექტიანი დაცვა ზედამხედველობისა და სანქციონირების უფლებამოსილებების მქონე ორგანოთა მიერ.

ასოცირების შეთანხმების თავის - ვაჭრობა და მდგრადი განვითარება, დებულებების შესაბამისად დაარსებული სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურები (როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს მხარეს არსებული ადგილობრივი საკონსულტაციო ჯგუფები), წარმოადგენს მნიშვნელოვან გამტარს, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ევროკავშირთან და საქართველოს ხელისუფლებასთან წამოჭრას ნებისმიერი პრობლემა, რომელიც უკავშირდება როგორც შრომით უფლებებს, ასევე ვაჭრობის კონტექსტში რელევანტურ გარემოსდაცვით საკითხებს. მოგიწოდებთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული სტრუქტურებითა და მათ ფარგლებში ხელმისაწვდომი შესაძლებლობებით.

ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სათანადო სისტემის დაარსებისა და საქართველოში უკეთესი სამუშაო პირობების ჩამოყალიბების მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, საქართველო, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად შრომის დაცვის მაღალი სტანდარტებისკენ გააგრძელებს სწრაფვას“- ნათქვამია ჰანის წერილში. 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930