გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

22-04-2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა.

 

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს.  საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას, სტრუქტურულ რეფორმებს, ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებსა და ტექნიკურ დახმარებებს. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია  იმ ინიციატივის  შესახებ, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

 

„საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შედგა ძალიან სასიამოვნო შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. ვისაუბრეთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ასევე, განვიხილეთ განათლების სექტორში ინვესტირების საკითხები. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით. ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ამ პოტენციალის გამოყენებას, აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოს შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის, რომლიდანაც სარგებელი უნდა მიიღოს  თითოეულმა მოქალაქემ და  ქვეყნის ყველა რეგიონმა. დღეს ბევრი ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ განახორციელოს ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმები. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკა იმართება სწორად,  არის კარგი ეკონომიკური ზრდა, იქმნება სამუშაო ადგილები, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მსოფლიო ბანკი პოზიტიურად უყურებს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას. მსოფლიო ბანკი საქართველოსთან 25 წელია თანამშრომლობს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ თქვენი ქვეყნის განვითარებაში,“ - განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.  

 

შეხვედრაზე ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერად, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031