გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პანდემიისგან დაზარალებული საწარმოების მხარდასაჭერად საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მლნ ევროს მიიღებს

17-05-2021

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად. იმავდროულად, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.

როგორც ცნობილია, ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმდინარე წლის 11 მაისს მიიღო.

დღეს დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებები, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა კვლავ აუცილებლობას წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტის მიზანია, ამ ტიპის საწარმოების დახმარება, მათ შორის, ციფრული მომსახურების გაუმჯობესებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლების უზრუნველყოფის გზით.

პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა მსოფლიო ბანკის და ქართული მხარის მიერ.

პროექტს ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაციები იქნებიან: სსიპ „აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ეროვნული ბანკი.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში გაძლიერდება დახმარების პროგრამები მცირე ზომის საწარმოებისთვის, რათა მათ სხვადასხვა კომპონენტის, მათ შორის, საგრანტო კომპონენტის საშუალებით დაძლიონ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი.

საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სწრაფი გადახდების (IPS) ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც მათ შორის, აღნიშნული საწარმოებისთვის გაზრდის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობას.

მსოფლიო ბანკის პროექტი ითვალისწინებს, ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტს, მათ შორის, იმ უნარების გაუმჯობესებას, რომელიც საჭიროა დიგიტალიზაციის განვითარების მიმართულებით.

მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930