გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს 17 მაისს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს

16-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის - ლონდა თოლორაიას განცხადებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.


როგორც თოლორაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ყველა იმ სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს, რომლებშიც შესაძლოა იკვეთებოდეს სიძულვილის მოტივი.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, სიძულვილის მოტივის ნიშნით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2018 წელს სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, რაც საგრძნობლად აჭარბებს 2017 წლის სრულ მონაცემებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თითოეული ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.


2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული იქნა 53 პირი.

2018 წლის მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გაიზარდა და დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა.


სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის გარდა, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამის ნათელი მაგალითებია ის აქციები, რომლებიც უმცირესობის წარმომადგენლებმა გასული თვეების განმავლობაში ჩაატარეს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო აქციების მონაწილეების უსაფრთხოება და მათ მისცა აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ასევე, დაუყოვნებლივ მოხდა იმ პირების დაკავება, რომელთა მხრიდანაც ძალადობის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი.


რაც შეეხება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს -17 მაისს, აღნიშულ დღეს გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრები და შეთანხმდა როგორც შეხვედრის ადგილი და დრო, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით გასატარებელი ზომები.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.


შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას“-აცხადებს თოლორაია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930