გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება

28-06-2018

“რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები და ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ, უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, კონფერენციაზე - „რუსული რევანშიზმი - გულწრფელი დისკუსია ოთხი ევროპული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეთან“ ისაუბრა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნებს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები აკავშირებთ, რომელთა აღმოფხვრაც, დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ვერ ხერხდება.


„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რამდენი მეგობარი ჰყავს საქართველოს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. ჩემთვის ასევე დიდი პატივია, რომ ვიმყოფები მოლდოვასა და უკრაინის - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეების გვერდით.ჩვენი თანამშრომლობის განმსაზღვრელი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები, რომლების აღმოფხვრაც ვერ ხერხდება ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე.მაშასადამე, ჩვენი ქვეყნებისათვის ერთად დგომა არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობაა, არამედ ეს არის თითქმის ეგზისტენციალური აუცილებლობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, განხორციელებულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა ქვეყნების საზოგადოება ფუნდამენტურად შეცვალა და ეკონომიკა და ინსტიტუტები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე, თუნდაც, ათი წლის წინ.


„თუმცა, ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომელიც სავსეა უსაფრთხოების გამოწვევებით. ვერცერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს ამ გამოწვევებთან გამკლავებას. ზუსტად ამ მიზნით, საქართველოს სურს ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები სამეზობლოში და დასავლეთში. დასავლურ ერთა ოჯახში, ვგულისხმობ ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვან წევრობას. საკმაოდ რთული გზაა გასავლელი, თუმცა საქართველოსათვის ეს ერთადერთი შესაძლო გზაა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება და პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებული წევრი გახდეს, საქართველოს საერთაშორისო სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.


„ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია საერთაშორისო უსაფრთხოებაში ჩვენი წვლილის შეტანა, რათა გავხდეთ პასუხისმგებელი საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებული წევრი. საქართველომ სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით შეიტანა წვლილი საერთაშორისო სტაბილურობაში. უკვე ათი წელია, რაც საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში ჩვენს პარტიორებთან ერთად. ყველაზე აღსანიშნავი საქართველოს ავღანეთსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობაა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს როლს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.


გარდა ამისა, ჩვენი პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, საქართველომ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულ ძალას წარმოვადგენთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში, და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, რუსეთის გარდა. საქართველოს ხელისუფლებამ, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალიზაციის გზით, მიაღწია შიდა სტაბილურობის იმ დონეს, რომელიც არასოდეს ყოფილა მიღწეული წინა ათწლეულების მანძილზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ჯერ კიდევ მოუგვარებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის.


“მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯებისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვიგვარებია ჩვენი უდიდესი პრობლემა - ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა. როგორც იცით, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი-აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.


რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში. პირიქით: ამ ტერიტორიებზე სულ უფრო უარესდება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობა. ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში. ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში. ამან ცხადყო, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს.


ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტის მოგვარების მხრივ პროგრესის არარსებობა პირდაპირ გულისხმობს რუსეთის მონაწილეობას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებით მანიპულაციაში პოლიტიკური მიზნებისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველოს პასუხი არის ორგვარი: „ვეძებთ მეგობრებს სხვა ქვეყნებში და ვაძლიერებთ დემოკრატიას საშინაო საკითხებში”. მისივე თქმით, საქართველო მტკიცე და უწყვეტ მშვიდობიან წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას რეგიონული და დასავლელი პარტნიორების დახმარებით.


სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძე ნატოს მოახლოებულ სამიტს და მოლოდინებსაც შეეხო. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირთან ინტეგრაციული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.


“ჩვენ მოუთმენლად ველით ნატოს მოსალოდნელ სამიტს, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, სათანადოდ აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ და წინა პლანზე წამოსწევს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანების საკითხს, როგორც ეს გადაწყდა 10 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე.


ასევე მზად ვართ, გავაღრმავოთ ჩვენი ინტეგრაციული თანამშრომლობა ევროკავშირთან, რაც უფრო და უფრო იმედისმომცემი ხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ევროპის ზონაში უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ. დღესდღეობით, ჩვენ მოველით სავაჭრო და ბიზნეს საქმიანობის ხელშესახებ შედეგებს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა და გასულ წელს, უპრეცენდენტო დონეს მიაღწია.


“ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალ დონეზე გადავიდა, რომელიც უფრო ფართოდ ვრცელდება საქართველოზე ვაშინგტონიდან პოლიტიკური და ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინა წელს უპრეცედენტო დონეს მიაღწია ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობამ: ამერიკასა და საქართველოს ის საერთო სტრატეგიული მიზნები აკავშირებთ, რომლებიც ემყარება რეგიონის დემოკრატიული გარდაქმნის ღირებულებებს და ურყევ მშვიდობასა და სტაბილურობას ლიბერალური და დემოკრატიული დღის წესრიგის საფუძველზე”,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.


სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სურს, მტკიცე რეგიონული პოზიცია დაიკავოს იმ ქვეყნებთან ერთად, ვინც საკუთარ მომავალს ევროპაში მოიაზრებს.


„ჩვენ გვწამს, რომ ჩვენს მოლდოველ და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მისწაფება დასავლეთისაკენ უფრო ხელშესახები და ეფექტური გახდება.
გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებისაკენ, ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენი, როგორც დემოკრატიული ერის შიდა სიძლიერეში.


საქართველოს მუდმივი მზაობა დემოკრატიული ტრანსფორმაციებისადმი, განსაკუთრებით კი ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე, ნათლად გამოხატავს იმას, რომ საქართველოს ფუნდამენტალური უსაფრთხოების გათვლები ემყარება ძლიერი დემოკრატიული საფუძველის შექმნას ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობისათვის.


თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გარდაქმნის პარალელურად, კანონის უზენაესობის, ლეგიტიმური მმართველობისა და საზოგადოებრივი ერთსულოვნების გზით, საქართველო აშენებს იმ მდგრადობას, რომელიც იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ის უხეში აგრესია, რაც 2008 წელს ვიხილეთ.

ჩვენ მზად ვართ, კვლავ ვიბრძოლოთ ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, და გვწამს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით და ჩვენი მოსახლეობის თანხმობით, გავიმარჯვებთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930