7-07-2018
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ზ.ფ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა ზ.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომლითაც იგი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებას ახდენდა. აღნიშნულის შემდგომ ზ.ფ ქ.ბორჯომში შეხვდა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და შემდგომში, სისტემატური საქმიანობისთვის, კერძოდ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის ხელშეწყობისა და ბორჯომის რაიონიდან მისი უსაფრთხო გაცილების მიზნით ქრთამის სახით შესთავაზა ფულადი თანხა.
ზ.ფ.-ს დაკავება ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მოხდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
18-12-2024