18-04-2024
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა.
„ცვლილებების თანახმად, გაიზარდა დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი - ნაცვლად 10 ჰექტარისა, ფერმერები შეძლებენ არაუმეტეს 20 ჰექტარის დაზღვევას; მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში კი, ნაცვლად 50 ჰექტარისა, არაუმეტეს 100 ჰექტარს.
მცირდება, მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, ზარალის შეფასების ვადები და ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრება 15 დღით. ასევე, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების ნაწილში იცვლება დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის სატელეფონო შეტყობინების ვადა და ნაცვლად 24 საათისა, განისაზღვრება 72 საათით; აღნიშნული ცვლილება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ ფერმერებს სადაზღვევო შემთხვევის დროს შეტყობინების განხორციელებისთვის.
იცვლება ასევე სადაზღვევო ტარიფები; კერძოდ, ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფის ნაცვლად, იქნება სადაზღვევო ტარიფის ქვედა და ზედა ზღვარი. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს, ერთი მხრივ, სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებელს შესთავაზონ რისკზე დაფუძნებული ტარიფი და, მეორე მხრივ, დამზღვევებს სადაზღვევო პრემიის ოდენობის მიხედვით შეარჩიონ სადაზღვევო კომპანიები. აღნიშნული ცვლილება ასევე ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდას.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში). თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.
2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებოდა სახელმწიფო თანადგომა. აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის დარგში ინვესტირებას” –აღნიშნულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.