12-05-2024
კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე კანონპროექტთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული, დასაბუთებული შენიშვნა არ არის წარდგენილი.
„ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი თავად არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოებს, ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე, რაც ერთი და იგივეა. მთავარი არის ჩვენთვის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. მე პირადად მქონდა საუბარი ევროკავშირის, ეუთო-ს წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია ამ მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის, თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის. დღემდე არც ერთი კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ, ახლა არის დროს ამისთვის. თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, დაიწყება მსჯელობა და მზად ვართ, რომ ყველამ ერთად ავსახოთ ეს საკითხები კანონპროექტში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.