გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი NGO-ებს: თუ ხელისუფლებაში უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ, ოქტომბრის არჩევნები ახლოა და იქ გამოჩნდება, რა წონა აქვთ, შეეშვან ქვეყნის რყევას

14-05-2024

„მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ამ მდიდარ „ენჯეოებზე“, რომლებიც, ამ შემთხვევაში, საქართველოში უცხოეთის რეალურ აგენტურას წარმოადგენენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი აუცილებლად იქნება მიღებული, რადგან ის საქართველოს სჭირდება.


„2016 წლიდან მოყოლებული ერთი წელიც არ გასულა ისე, რომ საქართველოში ეს ენჯეოები არ იდგნენ არეულობებისა და დესტაბილიზაციის სათავეში. 2018 წელს სამმა დიდმა ენჯეომ – „სამართლიანმა არჩევნებმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დაიბეჭდა რამდენიმე ათეული ათასი ყალბი პირადობის მოწმობა და თითქოს ამ პირადობებით იგეგმებოდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნების გაყალბება. როცა ამაზე გამოძიება დაიწყო და დადასტურებელი ფაქტების დასახელება მოსთხოვეს, მათ ცხადია, პასუხი არ ჰქონდათ.


ყველას გვახსოვს 2020 წელიც, როცა „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლა გააყალბა და ამით ცდილობდა, სხვა მდიდარ ენჯეოებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ უცხოელ პატრონებთან ერთად ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო.


კარგად გვახსოვს 2022 წელიც, როცა ეს მდიდარი ენჯეოები, ყველანი ერთად, იდგნენ პარლამენტის წინ მიტინგზე და იმას ითხოვდნენ, რასაც დღეს სააკაშვილი, მათი ბელადი ითხოვს - დროებით, ტექნიკურ მთავრობას, რომელშიც ისევ თვითონ შევიდოდნენ.


„ენჯეოებს“ მივმართავ: თუ პოლიტიკა უნდათ, პარტიებად ჩამოყალიბდნენ; ოქტომბრის არჩევნები ახლოა და იქ გამოჩნდება, რა წონა აქვთ. შეეშვან ქვეყნის რყევას. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს კანონიც აუცილებლად იქნება მიღებული, იმიტომ, რომ ეს კანონი საქართველოს სჭირდება“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930