16-05-2024
დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ ერს წინასწარ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.
„მოგესალმებით ყველას, მთელი გულითა და პატივისცემით. ძალიან მახარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და მის დელეგაციას ვმასპინძლობ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. კიდევ ერთხელ თქვენს წინაშე და თქვენი თანდასწრებით მივესალმები მათ. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ სამწუხარო ამბავი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, სლოვაკეთიდან, საშინელი თავდსხმა მოხდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, ბატონი რობერტ ფიცოს წინააღმდეგ. ვუსურვებთ მას და სლოვაკ ხალხს ძალიან მალე ამ პრობლემის დაძლევას და ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობის დამრღვევი ნებისმიერი ფაქტის წინააღმდეგ დგომას.მინდა მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ, 10 დღით ადრე და აქვე მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისი დანიშვნა თებერვალში და წარმატებები ვუსურვო,"- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.