23-05-2024
„ორმაგი სტანდარტი,“ - ასე აფასებს პარტია „ხალხის ძალის„ წევრი დეპუტატი დაჩი ბერაია ენტონი ბლინკენის განცხადებას, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ თუ საფრანგეთისთვის „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონი აუცილებელია, გაუგებარია რატომ არის საქართველოში მსგავსი კანონი მიუღებელი.
„რაც ევროკავშირის ქვეყნებში დემოკრატიულია, თურმე საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს. რა დავარქვა ამას არ ვიცი - ორმაგი სტანდარტი? ალბათ არა, რადგან ორმაგ სტანდარტზე გაცილებით ცუდი პროცესია ის, რაც ახლა საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. თუ საფრანგეთისთვის „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონი აუცილებელი და მისაღებია, რატომ არის საქართველოსთვის დემოკრატიის დამასამარებელი, გაუგებარია. მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატავენ შეშფოთებას თუ საფრანგეთში, თურქეთში, კანადაში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც? მხოლოდ საქართველოა ისეთი ქვეყანა, სადაც ამ კანონის მიღება მათთვის მიუღებელია? პირველ რიგში, ეს კითხვა მექნებოდა ბატონ ბლინკენთან, მოვისმენდი მის პასუხს და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებდი კომენტარის გაკეთებას მის შეშფოთებაზე,“- განაცხადა ბერაიამ.