25-05-2024
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "TAPS“-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” - ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) 30-ე, ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, TAPS-ის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ბონი ქეროლმა, პერსონალურად გადაუხადა მადლობა გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს და საქართველოს დელეგაციას თანამშრომლობისა და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
დამსწრეებს სიტყვით, ასევე, მიმართეს, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის 21-ე თავმჯდომარემ, უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერმა, პრეზიდენტის თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარმა მრჩეველმა, აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა, ჩარლზ ბრაუნმა, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა და სხვა უმაღლესი რანგის პირებმა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "TAPS“-ი 1994 წელს, გარდაცვლილი ამერიკელი ბრიგადის გენერლის, ტომ ქეროლის მეუღლემ, ბონი ქეროლმა დაღუპულ სამხედროთა ოჯახების მხარდასაჭერად დააარსა. მას შემდეგ, ორგანიზაცია "TAPS“-ი, სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად, ყოველწლიურად მართავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, რომელთაც ესწრებიან დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.
წელს, 8 დღიანი შეკრების განმავლობაში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მონაწილეობას მიიღებენ მათ მხარდასაჭერად გამართულ მრავალფეროვან აქტივობებში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აშშ-ში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.